"ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მეტი ხმა დედოფლისწყაროსა და საჩხერეში მიიღო

მმართველმა კოალიციამ ყველაზე მეტი ხმა დედოფლისწყაროსა და საჩხერის საარჩევნო ოლქებში მიიღო. ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით , დედოფლისწყაროში "ქართულ ოცნებას" არჩევნებში მონაწილეთა 84.46%-მა დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა რაოდენობით ასევე გამოირჩევა საჩხერეც, სადაც "ქართულმა ოცნებამ" 83% მიიღო.
ყველაზე ნაკლები ხმა კი, მმართველმა ძალამ გორში მიიღო, სადაც არჩევნებზე მისულთა 35.57%-მა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება მეორე ადგილზე გასულ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ყველაზე მეტი ხმა მათ ზუგდიდში – 40.48% მიიღეს, ყველაზე ნაკლები კი მცხეთაში - 4.59%.
თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა და საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 43.31%-მა მიიღო მონაწილეობა.

























