ახალქალაქის კომისიამ "თავისუფალი საქართველოსა" და "ახალი მემარჯვენეების" საჩივრები განიხილა
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონში არჩევნების გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით ახალქალაქის კომისიამ "თავისუფალი საქართველოსა" და "ახალი მემარჯვენეების" საჩივრები განიხილა.
პარტიის ინფორმაციით, განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენები ესწრებოდნენ. კომისიამ ერთსაათიანი სხდომა მხოლოდ 4 ნაკლებად სკანდალური საჩივრის განხილვას მიუძღვნა და დანარჩენი, ძალიან ნიშვნელოვანი საჩივრების განხილვა ხვალისთვის გადადო.
როგორც კახა კუკავას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან საოლქო კომისიის წინ "თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვენეების" ასობით მხარდამჭერი იმყოფებოდა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, კერძოდ, კახა კუკავამ და მანანა ნაჭყებიამ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის სახელით ესწრებოდა პირი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მას შემდეგ, რაც მას მოსთხოვეს წარედგინა საკუთარი თავი, ის ჩაიკეტა ოთახში, რასაც მცირე ექსცესი მოჰყვა. როგორც "თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები აცხადებენ, ისინი ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს საოლქო კომისიაში და შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებენ.
"ჩვენ ველით, რომ საოლქო კომისია არც ერთ საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუმცა მოვითხოვთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა გახსნის ბიულეტენებს და რეალურად დაადგენს იყო თუ არა გაყალბება. საქმე ეხება არა თითო-ოროლა, არამედ რამდენიმე ათასი ხმით მანიპულირებას. მინიმუმ 3000 ხმაა "თავისუფალი საქართველოსა" და "ახალი მემარჯვენეებისთვის" მოპარული. ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთხელ საქართველოში გაიხსნას ბიულეტენები და დადგინდეს სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება საჩივრების ფორმალურად განხილვის ტრადიციის გაგრძელება, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში დამკვიდრდა", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
საოლქო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება.

























