მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს 11 საჩივარი განიხილეს, აქედან ორი საჩივარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისმიერ იყო შეტანილი, რამდენიმე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "მრავალეროვანი საქართველოს" და "ასევე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნული საჩივრებით მოითხოვდა მარნეულში 15 საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას. თუმცა სხდომის თავმჯდომარემ და საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებმა არც ერთ საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მხარი არ დაუჭირეს.

როგორც სხდომის დასრულებისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, დღევანდელი სხდომის დაწყებამდე მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისია არ დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნას უბნების შედეგების გადათვლასა და თხუთმეტივე უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. სხდომა ხუთ საათს გაგრძელდა და არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განაცხადა, არც ერთი საჩივარი არ იყო არგუმენტირებული და სწორედ აქედან გამომდინარე, მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიამ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

დღესვე სხდომის მიმდინარეობისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მოითხოვეს #41-ე საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეომასალის დემონსტრირება, თუმცა, მარნეულის საოლქოს თავმჯდომარემ და წევრებმა უარი განაცხადეს სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნული ვიდეომასალის ნახვაზე.

ამ დროისთვის კი მარნეულის პოლიციის სამმართველოში "მრავალეროვანი საქართველოსა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც 15 ივნისის არჩევნებს მარნეულის უბნებზე დამკვირვებლების სტატუსით აკირდებოდნენ.