დამკვირვებელი ანა გურგენიძე მარნეულის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა

მარნეულის პოლიციის შენობაში ,,თავისუფალი ზონის" დამკვირვებლის ანა გურგენიძის დაკითხვა გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა.
ანა გურგენიძის მიერ არის გადაღებული ის ვიდემასალა, რომელიც ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე დღეს გაასაჯაროვა, ვიდეოზე ასახულია საარჩევნო ყუთში ბიულეტინების მასიური ჩაყრა. აღნიშნულ ვიდეოზე დაყრდნობით მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიამ #57 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა. მარნეულის პოლიციის შენობაში ანა გურგენიძის დაკითხვის პროცესს ადვოკატი გოგა ონიანი ესწრებოდა. ადვოკატის განცხადებით, დაკითხვის დროს საპროცესო კოდექსი დაირღვა, გამომძიებელი დროს წელავდა და კითხვებს, მათთვის უცნობ პირთან ყოველ 20 წუთში ათანხმებდა.
,,დაკითხვაზე იყო დაბარებული, რაც არის აბსოლუტურად კანონიერი პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატთან ერთად იყო შესული ამ პროცესის მიმდინარეობის დროს, დაირღვა საპროცესო კოდექსი, ვინაიდან ეს დაკითხვა არ მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში, რამდენჯერმე გამომძიებელი გავიდა 20-20 წუთით, ჩემთვის გაუგებარი იყო ვისთან, რას ათანხმებდა. სამჯერ ამოგვიბეჭდა ჩვენების ასლი თითქოს დასრულებული იყო ეს ჩვენება, გარდა ამისა ოქმში დააფიქსირა, რომ თურმე საათი და ათი წუთი ვიყავით შესვენებაზე გასული და ამ დროს შეგიძლიან კამერებიდან ამოიღოთ ჩანაწერი, რომ ზუსტად 5 წუთი მიმდინარეობდა ეს შესვენება. ჩვენების მიცემა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 10:00 საათზე უნდა დასრულებულიყო და ღამის 11-ის ნახევარზე დასრულდა. ეს არის პროცესუალური დარღვევები, რომლის ფონზეც მიმდინარეობდა აღნიშნული დაკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ვესწრებოდი და ყველა ამ დარღვევაზე გავაკეთე შესაბამისი შენიშვნა დაკითხვის ოქმში", - განაცხადა გოგა ონიანმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეკითხვა ამოიწურა ანა გურგენიძე 19 ივნისს დილისთვის კიდევ დაიბარეს.
ანა გურგენიძე აცხადებს, რომ დაკითხვაზე #57 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით იმყოფებოდა, თუმცა დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან გამოძიების კომფიდენციალურობიდან გამომდინარე თავს იკავებს.

























