მარნეულის საოლქო კომისიამ ,,მომავლის არჩევანის" საჩივარი არ დააკმაყოფილა

მარნეულის საოლქო კომისიამ ,,მომავლის არჩევანის" საჩივარი არ დააკმაყოფილა

მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავლის არჩევანის" დამკვირვებლის ნინო ქაცარავას საჩივარი არ დააკმაყოფილა და სხდომის მიმდინარეობისას წარდგენილი ვიდეომასალის ჩვენებაზეც უარი უთხრა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში ნინო ქაცარავამ განაცხადა, ვიდეომასალაზე ასახული იყო მარნეულის #41 საარჩევნო უბანზე მის მიერ დაფიქსირებული დარღვევები, რაც უბნის შედეგების გაუქმების საკმარისი მტკიცებულება იყო.

,,#41-ე უბანზე ძალიან ხშირი შემთხვევა იყო მარკირების გარეშე ხმის მიცემისა, ასევე უბანზე შემოსულ პირებს არ ამოწმებდნენ მარკირებაზე, მე წარმოვადგინე ამის დამადასტურებელი დისკზე ჩაწერილი ვიდეომასალა, რომელიც საინტერესოდ არ მიიჩნია მარნეულის საოლქომ, არ განიხილა და შესაბამისად, ჩემი საჩივარიც არ დააკმაყოფილა. გარდა მაგისა, აღნიშნულ უბანზე სხვა დარღვევებიც იყო, ეს იყო უბანზე ხელმეორედ პიროვნებების შემოსვლა, სხვისი პასპორტით ხმის მიცემა, ასევე სხვის სახელთან და გვართან სიაში ხელის მოწერა და რატომღაც ამ ფაქტებით მარნეულის საოლქო არ დაინტერესდა", - განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავლის არჩევანის" დამკვირვებელმა ნინო ქაცარავამ.