მიხეილ მაჭავარიანი - სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ახალისებს თავდასხმებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი პარტიის აქტივისტებსა და ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებს "ხელისუფლების მიერ წახალისებულს უწოდებს".
მიხეილ მაჭავარიანმა დღეს ბათუმში, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ბათუმის ცენტრში, ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ახალისებს თავდასხმებს. დღისით, მზისით, ბათუმის ცენტრში, სასამართლოს შენობასთან ჩვენს აქტივისტზე მოხდა თავდასხმა. 2004 წლიდან ლევან ტეტემაძე ჩვენს გვერდით დგას, ასლან აბაშიძის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები იყო თუ ვარდების რევოლუცია, ის ყოველთვის ჩვენს გუნდთან ერთად იბრძოდა. ამ ფაქტს ვუკავშირებ 7 ივნისის თავდასხმას, როდესაც ამ ხელისუფლების სამარცხვინოდ, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ოფისიდან 20 მეტრში, საკონსტიტუციო სასამართლოდან 25 მეტრში და პოლიციის განყოფილებიდან 30 მეტრში მოხდა თავდასხმა გიგი უგულავას, გიგა ბოკერიასა და გიორგი ბარამიძეზე. იმ დროს პატრული არც კი მისულა შემთხვევის ადგილზე", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა
მიხეილ მაჭავარიანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის შტაბის წევრები. მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზე თავდასხმებს 125-ე მუხლით იძიებენ, რაც მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა აღიარა, რომ თავდამსხმელები იყვნენ მისი შტაბის წევრები და მასთან დაახლოებული პირები. როგორც ჩანს, გამოძიება, თუ ამას გამოძიებას დავარქმევთ, რაც ლევან ტეტემაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ იკავებს თავს. გამოძიებას სჭირდება სურათები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაც უკვე ცნობილია. როცა საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს, ამ ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ საქმე აღძრეს 125-ე მუხლით, რაც საბოლოო ჯამში, ითვალისწინებს ჯარიმას. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ქმედება, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
"ნაციონალური მოძრაობა" ტეტემაძის საქმის გადაკვალიფიცირებას და სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღძრას ითხოვს, რაც გულისხმობს სხეულის გაზრახ დაზიანებას.
ლევან ტეტემაძეს ბათუმში 21 ივნისს სცემეს.

























