თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით დასრულდება

 თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით დასრულდება

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით დღეს დასრულდება. ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მიმდინარე კონფერენციის მეორე დღე 10:00 საათიდან გაიხსნა, პრემიერ-მინისტრი კი,  ფორუმს 13:30 საათზე შეუერთდება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კონფერენციის მოდერატორი დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელია. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში კესტუტის ჯანკაუსკა.

ფორუმის მონაწილეები განიხილავენ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებს, ნატო-ს გაფართოების საკითხს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ISAF-ის ოპერაციისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს.

თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მეცხრედ ტარდება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს თავდაცვის კონფერენცია ჩამოყალიბდა უსაფრთხოების პოლიტიკის ფორუმად სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიმოიხილავს როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის სფეროს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს, როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო კუთხით.