ბათუმის 103-ე უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ბათუმის 103-ე უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ბათუმის 103-ე უბანზე, რომელიც მეოცე სკოლაშია განთავსებული, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის 79-ე ოლქის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განუცხადა, უბანზე ამ დროისთვის 140 ადამიანი მივიდა, რაც აქტივობის საერთო რაოდენობის 9 %-ია. მისივე თქმით, 15 ივნისს ამავე უბანზე 12:00 საათისთვის 160 ადამიანი იყო მისული.

103-ე უბნის ამომრჩეველი ლია წიკლაური არჩევანის დასაფიქსირებლად უბანზე დღეს კიდევ ერთხელ მივიდა. როგორც ის აცხადებს, მოქალაქეობრივი ვალი დღესაც პირნათლად მოიხადა. "ახლაც მოვედი, რადგან არ შედგა არჩევნები ჩვენს უბანზე. დღეს პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და იმედი მაქვს, ამჯერად არჩევნები შედგება ", - აღნიშნა ლია წიკლაურმა.

103-ე უბანზე "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" დამკვირვებელი დემიდ ფასიეშვილი აღნიშნავს, რომ უბანი 08:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლების აქტივობა 10:00-დან 12:00 საათამდე შედარებით მაღალი იყო, ვიდრე ამ დროისთვის. მისივე თქმით, მეოცე სკოლაში გარდა 103-ე უბნისა განთავსებული იყო 104-ე უბანი და დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც 104-ე უბნის ამომრჩეველი მივიდა დღეს ხმის მისაცემად 103-ე უბანზე.

"ნაციონალური მოძრაობიდან" დამკვირვებელი თომა ხალვაში სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ უბანზე მისულმა დებმა ვერ დააფიქსირეს არჩევანი, რადგან მათი სახელის და გვარის გასწვრივ სხვისი ფოტოები და პირადი მონაცემები იყო მითითებული. "ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ დები მოვიდნენ ხმის მისაცემად. მათი სახელები და გვარები იყო სიაში, მაგრამ ამ მონაცემების გასწვრივ სხვა პიროვნებების ფოტოები და პირადი ნომრები იყო დაფიქსირებული. მათ ხმის მიცემა ვერ შეძლეს", - აღნიშნა თომა ხალვაშმა.

ბათუმის 103-ე უბანზე 15 ივლისის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა შემაჯამებელი ოქმები ოლქს ვერ წარუდგინეს, რის გამოც კომისიის თავმჯდომარეს და ოთხ წევრს დისციპლინარული სასჯელი დაეკისრა და, შესაბამისად, დღევანდელ არჩევნებს კომისიის სხვა შემადგენლობა ატარებს.