საფრანგეთის ფლოტის ფრეგატა "სურკუფი" ხვალ ბათუმის ნავსადგურში შემოვა

ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ფრეგატა "სურკუფი" ხვალ ბათუმის ნავსადგურში შემოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, ფრეგატას დახვედრის ცერემონიას პორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევრარი დაესწრებიან. ასევე დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს თავდაცვის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
9 ივლისს ფრეგატა "სურკუფის" ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის ფეხბურთის მატჩი გაიმართება. 10 ივლისს კი საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი ფრეგატის ბორტზე მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის მიღებას გამართავს.
ფრეგატა "სურკუფი" ბათუმის პორტს 12 ივლისს დატოვებს.

























