კულტურის მინისტრი ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალს გახსნის

კულტურის მინისტრი ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალს გახსნის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ "ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალს" გახსნის.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ელისო ბოლქვაძეა.

"ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალის" ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და მსოფლიო დონის უცხოელი მუსიკოსები. მათ შორის, ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრი, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ელისო ბოლქვაძე, ქეთევან ქემოკლიძე, ფრანჩესკო ნიკოლოზი, ანტუან პეკერი, ბრუნო მონსანჟანი. ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიზნად ისახავს მუსიკოსების აღმოჩენასა და ხელშეწყობას.

ცნობილი მუსიკოსები მათ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ახალგაზრდებს გაუზიარებენ.

ფესტივალის ბოლო დღეს, 15 ივლისს, კონცერტი "ნორჩი ტალანტების აღმოჩენა" გაიმართება.