ბათუმში "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" შეხვედრა მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" შეხვედრა მიმდინარეობს, მრგვალი მაგიდის ფორმატში. ღონისძიება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა.
როგორც ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მრგვალი მაგიდის თემატიკაა ევროპული ინტეგრაციის საკითხების შესახებ გამოცდილების გაზიარება ვიშეგრადის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაგალითზე. მისივე განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ გამოწვევებსა და ვალდებულებებზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს აქვს.
"დავიწყეთ აქტიურად მუშაობა იმ გამოწვევებზე და ვალდებულებებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გვაქვს. ეს არის მთელი რიგი ეკონომიკური, პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ქვეყანამ უნდა იმუშაოს. დღეს გვაქვს შეხვედრა ევროკავშირის იმ ქვეყნებთან გამოციდილების გაზიარება და საუბარი იმაზე, თუ როგორ გადალახეს გამოწვევები, როგორ განახორციელეს რეფორმები. ასევე, ვსაუბრობთ რუსულ პროპაგანდაზე და მითებზე, რომელსაც ქართულ საზოგადოებას ხელოვნურად ახვევენ თავს, თითქოს და ევროკავშირი რაღაც ნეგატიურს სთავაზობს, რაიმე სახით ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებს. ამაზე გვექნება საუბარი და გვექნება შეხვედრა ეროვნულ უმცირესობებთან, მათი შიშები და კითხვები მოვისმონოთ და გავცეთ პასუხი", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებში ევროინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები.
ღონისძიება ორგანიზებულია ვიშეგრადის ფონდის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით. ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღონისძიებაში ერთვება "ეროვნული ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსნებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება საქართველოს გაერო-ს ასოციაცია (UNAG)-ის მიერ.

























