ბათუმში კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრებს ესწრება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი.
როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაღალი რანგის სტუმრები და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ისაუბრებენ იმ ამოცანებზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს წინაშე დგას.
"ეს არის ტრადიციულად წარმომადგენლობითი, ძალიან მაღალი მნიშვნელობის კონფერენცია, რიგით მეთერთმეტე. გამორჩეულია იმით, რომ არის უფრო მეტად საზეიმო, რადგან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მოეწერა ხელი რამდენიმე დღის უკან, ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩამოსული სტუმრები და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ისაუბრებენ იმ გეგმებზე, იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების წინაშე დგას", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
ასევე, კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს მიეძღვნება. კონფერენციაზე, ასევე, განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის განხორციელების საკითხები.

























