ბათუმის 79-ე ოლქში ერთი საჩივარი შევიდა

ბათუმის #79 ოლქში ერთი საჩივარი შევიდა. როგორც ოლქის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განაცხადა, საჩივარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ შეიტანა. ბოლქვაძის განმარტებით, საჩივარი ეხება გადასატან ყუთთან დაკავშირებულ საკითხს.
"საჩივარი ეხება მე-14 უბანს და საუბარია იმაზე, რომ, როდესაც კომისიის წევრები გავიდნენ გადასატანი ყუთით, მათ გაჰყვა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლორთქიფანიძე, რომელიც იმავდორულად იყო კოორდინატორი. საჩივარში არის აღნიშნული, რომ ეს ადამიანი ეწეოდა აგიტაციას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ამომრჩევლებთან ხმის მიცემის პერიოდში. განცხადებაში მითითებულია, რომ მათ თან აქვთ დისკი, რომელზეც არის ასახული აღნიშნული ფაქტი", - აღნიშნა მალხაზ ბოლქვაძემ.
მისივე განმარტებით, ეწეოდა თუ არა აგიტაციას გადასატანი ყუთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დროს, ეს საჩივრის განხილვის დროს დადგინდება. ბოლქვაძის განცხადებით, აგიტაციის დადასტურების შემთხვევაში გადასატანი ყუთი გაბათილდება.
"რაც შეეხება ფაქტს, ის ეწეოდა თუ არა აგიტაციას, ამას ჩვენ უკვე საჩივრის განხილვის დროს დავადგენთ. იქნება ინფორმაცია გადამოწმებული უბნის დონეზე, როგორც ჩანაწერთა წიგნების, ასევე, თუ საჭირო გახდა, კომისიის წევრებსაც გამოვკითხავთ და თუ დადასტურდა, რომ ეს პიროვნება აგიტაციას ეწეოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემის დროს, გადასატანი ყუთის საშუალებით მიცემული ხმები გაბათილდება", - აღნიშნა მალხაზ ბოლქვაძემ.

























