ბათუმის საოლქო კომისიასთან რიგის გამო უკმაყოფილებაა

ბათუმის საოლქო კომისიასთან რიგის გამო უკმაყოფილებაა

ბათუმის #79-ე ოლქის შესასვლელთან რიგის გამო უკმაყოფილებაა. უბნების წარმომადგენლებმა ოლქთან მონაცემები და ინვენტარი მიიტანეს, თუმცა დიდი რიგის გამო უბნების წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. საოლქო კომისიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გარდა ამისა, რამდენიმე უბნის წარმომადგენელი აპროტესტებს იმას, რომ ვინაიდან საარჩევნო ინვენტარი არ აქვთ მიტანილი, ოლქში არ უშვებენ. "ადამიანებმა შემაჯამებელი ოქმები და ბიულეტენები მოიტანეს საარჩევნო ინვენტარის გარეშე. ეუბნებიან, რომ საარჩევნო კაბინები და სხვა მოწყობილობებიც უნდა მოეტანათ",- აღნიშნა "ქართული ოცნებიდან" საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა დავით ქარცივაძემ.

21-ე უბნის მდივანი მარიამ დუმბაძე ამბობს, რომ უბნების წარმომადგენლები ჩხუბობენ და ერთმანეთს არ აცდიან ოლქში შესვლას.

#12 უბნის კომისიის წევრი ლელა კვაჭაძე კი აცხადებს, რომ რიგს მშვიდად ელოდება, რადგან იმედი აქვს, რიგი არ დაირღვევა. "რიგში ვარ ჩაწერილი, მშვიდად ვდგავარ და როცა დამიძახებენ შევალ. პირველი ტურის დროს არ იყო ასეთი სიტუაცია, მაშინ დაღლილები იყვნენ და არ ჰქონდათ ყაყანის თავი, ახლა უცებ მორჩა ყველაფერი, ცოტა ხალხი მოვიდა არჩევნებზე, სახლში წასვლა უნდათ და უპირისპირდებიან, ყაყანებენ", - აღნიშნა ლელა კვაჭაძემ.

#79-ე ოლქში სულ 101 უბანია.