ფოთში დევნილი ოჯახებისთვის ფარული კენჭისყრის პრინციპით ბინები გაანაწილდა

ფოთში დევნილი ოჯახებისთვის ფარული კენჭისყრის პრინციპით ბინები გაანაწილდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ფოთში, დევნილი ოჯახებისთვის ფარული კენჭისყრის პრინციპით ბინები გაანაწილა.

ფოთში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის, 7 ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 280-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადი სულ 2 288 დევნილმა ოჯახმა შეავსო, რომელთაგან დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად კომისიამ 280 ოჯახი შეარჩია.

ფარული კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ კორპუსსა და ბინაში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.

თითოეულ კორპუსში 40 ბინაა, აქედან 10-ერთოთახიანი, 30-ოროთახიანი. შენობა, გარე ინფრასტრუქტურა და 14 ბინა ( ორი ბინა თითოეულ კორპუსში) სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ბინების განაწილების პროცესს სამეგრელოს რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კენჭისყრის პროცედურა ფოთში, ნინო ჟვანიას ქუჩა #7-ში, II საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა.