გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტების ინფორმაციით, დამეწყრილ უბანზე რაიმე სახის ახალი გართულება არ ფიქსირდება

გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტების ინფორმაციით, დამეწყრილ უბანზე რაიმე სახის ახალი გართულება არ ფიქსირდება

გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტების განცხადებით, დარიალის ხეობა ღვარცოფული მოვლენის კუთხით პერიოდული გააქტიურებით ხასიათდება და, შესაბამისად, სტიქიის გამეორების საფრთხე არსებობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა, ამის მიუხედავად, სტიქიის კონკრეტულ დროში პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

"როგორც ყველა ღვარცოფული წყალსადინარი, ისე დევდორაკი, პერიოდული აქტივიზაციით ხასიათდება. ჩვენ ვიცით, რომ დარიალზე აუცილებლად გაივლის ღვარცოფი, მაგრამ დროში ამის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. წამყვანი ქვეყნებიც კი ამის პროგნოზირებას ვერ ახერხებენ, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ატმოსფერულ ნალექზე", - აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მისივე განმარტებით, გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი გამთენიისას იმყოფებოდა მყინვარწვერზე და არსებული ვითარება შეისწავლა.

"საბედნიეროდ, უბანზე რაიმე სახის გართულება-დეფორმაციები არ ფიქსირდება. რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, არის ინტენსიური ნალექის შედეგი – მოხდა გააქტიურება იმ მასალის, რომელიც 17 მაისის ღვარცოფმა დატოვა", - აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა, რომლის განმარტებითაც, სპეციალისტები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ არა მარტო ხეობაზე, არამედ მყინვარის მიმდებარე ტერიტორიაზეც.