მთავარმა პროკურატურამ რთველში მონაწილეობა მიიღო

მთავარმა პროკურატურამ რთველში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე უწყების სხვა წარმომადგენლებთან და 25 მოზარდთან ერთად კახეთში რთველს დაესწრო და სოფელ იყალთოს მოსახლეობას ყურძნის მოსავალის აღებაში დაეხმარა.

უწყების ინფორმაციით, კახეთში ჩასულმა სტუმრებმა იყალთოს აკადემია დაათვალიერეს, სადაც გიორგი გოგაძემ რთველში მონაწილე ბავშვები 2014 წლის რთველში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

"დღის ბოლოს პროკურორებმა მოზარდების კითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრნენ", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და არასრულწლოვნების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას.

"პროკურატურის ინიციატივით მოსწავლე - ახალგაზრდობის ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება", - განმარტავენ უწყებაში.