ტაქსის მძღოლის, ამირან თაბაგარის მკვლელობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლო სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოკლულის მეუღლემ, თამრიკო წერეთელმა განუცხადა, ოჯახი მკვლელობის საქმეზე გასამართლებული პირებისთვის მსჯავრის დამძიმებასა და სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე მსჯავრდებულები არიან ტყუპი ძმები - გოგა და გაგა სოფრომაძეები და ნოდარ თოდაძე.
თამრიკო წერეთლის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 9 მაისს, ძმებ სოფრომაძეებს მკვლელობაში ბრალი დასდო და 20-20 წლით პატიმრობა, თოდაძეს კი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სხვა მუხლებით, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება დაზარალებულებმა გაასაჩივრეს.
"თოდაძე მკვლელობის თანამონაწილე იყო. მკვლელობაში თანამონაწილეობა არ დაუდასტურეს. არადა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩემი ქმარი მოეკლა. აბსოლუტურად დაეხმარა ყველაფერში. მათ ისეთი სისასტიკე აქვთ ჩადენილი, ნორმალური ადამიანი ფოტოების დათვალიერებას ვერ შეძლებს. ქვებით ჰყავთ კაცი ჩაქოლილი, საბარგულში რამდენიმეჯერ შეტენეს. თოდაძე ყველაფერში ეხმარებოდა. თოდაძე იჯდა საჭესთან, ის დააკავეს ჩემი ქმრის მანქანით, თოდაძემ გადაყარა მისი საფულე, საბანკო ბარათები, ტელეფონი. ჩვეულებრივი თანამონაწილე იყო. ენით აუწერელი სისასტიკეა ჩადენილი. ხეზე მიაბეს კაცი, ქვები ესროლეს, პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს თავზე. ქმარი ისე დავასაფლავე არ მინახავს, ვერ შევძელი მისი ნახვა. სხეულზე 123 სახის დაზიანება ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო", - აღნიშნა თამრიკო წერეთელმა.
მისივე მოსაზრებით, თოდაძისთვის სასჯელის შემსუბუქება პოლიციასთან თანამშრომლობამ განაპირობა.
ამირან თაბაგარი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტთან 2013 წლის 12 აგვისტოს მოკლეს.