საჯარო რეესტრი გორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენა-დემარკირებაზე მუშაობას იწყებს

საჯარო რეესტრი გორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენა-დემარკირებაზე მუშაობას იწყებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, NSDI-ს პროექტის ფარგლებში, გორის ადმინისტრაციული საზღვრის თანამედროვე წესებითა და სტანდარტებით დადგენა-დემარკირებაზე იწყებს მუშაობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტომ გორის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია საველე სამუშაოების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოებით განხორციელებას თვის ბოლოს დაიწყებს და პროექტი ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით წარიმართება. შედეგად, საზღვარი ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის ზუსტად განისაზღვრება, მოხდება მისი კოორდინირება, სპეციალური ნიშნულებით აღჭურვა, რაც საზღვრის კანონმდელობასთან ჰარმონიზაციასაც უზრუნველყოფს.

პროექტის განხორციელებით დადგინდება მუნიციპალიტეტის განსაკარგავი ტერიტორია და საკუთრების რეგისტრაციის უფლებამოსილება, მოწესრიგდება მიწის ნაკვეთების მისამართები და სარეგისტრაციო ზონის საზღვრები, მოხდება მონაცემების სტანდარტიზაცია და სწორი წარმოება.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისთვის და გორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის დასრულების შემდეგ, მიღებული გამოცდილების გაზიარების საშუალება სხვა მუნიციპალიტეტებსაც ექნებათ.

გორის ადმინისტრაციული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი 2014 წლის ბოლომდე დამთავრდება. შესაბამისი მონაცემები კი ელექტრონულ რუკაზეც აისახება.