პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის მეუღლე ბიძინა მურადაშვილის პათოლოგიურ ხასიათზე საუბრობს

მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მეუღლის, ლელა ბეჟანიშვილის ინფორმაციით, მურადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც ბეჟანიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი მონაცემებით, ის დაჭრილია სამი გასროლით, მათ შორის თავში, ხერხემალსა და ფეხში.

ამასთან, ლელა ბეჟანიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ის მეუღლესთან ბოლო 5 წელია დაშორებულია, რადგან ჰქონდა უმძიმესი ხასიათი, პათოლოგიური სიმთვრალე და მუდმივად ემუქრებოდა მოკვლით. მისივე თქმით, ის არ უკრძალავდა მეუღლეს შვილების ნახვას და გუშინაც სწორედ შვილების ნახვის მიზნით იყო მისული.

"ის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. იარაღით, რომლითაც პატრულის თანამშრომელი დაჭრა, ჩემს მოკვლას აპირებდა. მან ჯიბიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მომიშვირა, მე მოვასწარი ოთახიდან გასვლა და საპატრულო პოლიციასთან დაკავშირება. პატრული მალევე მოვიდა და როგორც კი კარი გააღო, იმ წუთასვე თანამშრომელს ესროლა, რასაც საპასუხო გასროლა მოჰყვა", - ასე იხსენებს გუშინ მომხდარ ინციდენტს ლელა ბეჟანიშვილი.

შემთხვევა შაბათს ყაზბეგის გამზირზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მიერ დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის, ვახტანგ ვარსიმაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაჭრილის ოჯახის წევრებმა აცნობეს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი თქმით, ვახტანგ ვარსიმაშვილი შედარებით გამოკეთდა. ის ახერხებს საუბარს, თუმცა ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ახლობლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შაბათს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ის დაჭრილია მუცლის არეში და მკლავში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება