შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმულთათვის მიწისქვეშა გადასასვლელებში ლიფტები დამონტაჟდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე ლიფტები დამონტაჟდება ორ მიწისქვეშა გადასასვლელში, რისთვისაც 150 000 ლარია გამოყოფილი. ლიფტის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში. დარჩენილია მხოლოდ ელექტროგაყვანილობის სამუშაოები, რის შემდეგაც, შემდეგ ლიფტი ექსპლუატაციაში შევა.
მეორე ლიფტის დამონტაჟება ვაკის პარკის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის მხრიდან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში იგეგმება, სადაც ერთ მხარეს უკვე დასრულდა მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები და ლიფტის მონტაჟი უახლოეს პერიოდში დაიწყება.