შინდისში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები მთავრობას მონუმენტისთვის საჭირო თანხას სთხოვენ

2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები მთავრობას 17 გმირის სახელის უკვდავსაყოფად მონუმენტისთვის საჭირო თანხას სთხოვენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს შინდისში დაღუპული ილია შეყლაშვილის მამამ ვაჟა შეყლაშვილმა, დაღუპული ალექსანდრე ონიანის დამ ელენე ონიანმა და მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ პრესკონფერენცია გამართეს.
ვაჟა შეყლაშვილის თქმით, შინდისში, ტრაგედიის ადგილას ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პირადი ხარჯებით ეკლესია აშენდა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი დიდი თანადგომა გამოიჩინა და მონუმენტის ჩამოსასხმელად ავტორებს ფერადი მეტალი გადასცა. ქალაქის მერიამ კი 50 000 ლარი გადარიცხა. მისივე თქმით, საქმიანობა უსახსრობის გამო დროებით შეჩერებულია. დაღუპულის მამის ცნობით, მონუმენტი 900 000 ლარი ჯდება და საჭიროა 850 000 ლარი. მოქანდაკემ მონუმენტზე მუშაობა დეკემბერში დაიწყო და სახელოსნოში პირველი იარუსი უკვე ამოყვანილია.
მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის ინფორმაციით, 17 მეომრის მონუმენტი მათი დაღუპვის ადგილას შინდისში დაიდგმება. მისივე თქმით, ეს იქნება ჩვიდმეტ ფიგურიანი პორტრეტული კომპოზიცია, 12 მეტრის სიმაღლის მონუმენტი, წრიულად განლაგებული, შვიდი ფიგურა პირველ იარუსზე, შვიდი მეორეზე და სამი მესამეზე. თითოეული ფიგურის სიმაღლე სამ მეტრამდეა.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს არ არის ბიზნესპროექტი და მოქანდაკე ჰონორარზე უარს ამბობს. მათივე თქმით, თანხაში გათვლილია ბიუსტების ჩამოსხმა სკოლებისთვის, სადაც დაღუპულები სწავლობდნენ.
შინდისთან დაკავშირებული პროექტის ავტორია ედმონდ მინაშვილი.

























