ქეთევან ნატრიაშვილი ფოთში პროფესიული კოლეჯის "ფაზისი" სტუდენტებს შეხვდა

ქეთევან ნატრიაშვილი ფოთში პროფესიული კოლეჯის "ფაზისი" სტუდენტებს შეხვდა

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დღეს ფოთში პროფესიული კოლეჯის "ფაზისი" სტუდენტებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ სასწავლებელი დაათვალიერა და შემდეგ, ფოთის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა და პროფესიული სტუდენტების მიერ შექმნილი კოსტიუმები დაათვალიერა.

ქეთევან ნატრიაშვილმა ფოთის წარჩინებულ მეათეკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის საზოგადოებრივი კოლეჯი "ფაზისი" ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრთან 2013 წლის დეკემბრიდან თანამშრომლობს. თეატრისა და კოლეჯის ერთობლივი ინიციატივით, შედგა შეთანხმება და პროფესიული სტუდენტების მიერ თეატრალური კოსტიუმებისა და აქსესუარების შეკერვა ხორციელდება. კერძოდ, თეატრში დადგმული სპექტაკლებისთვის ("ალუბლის ბაღი", "ჰამლეტი", "ჩემს ბაღში ომია") კოსტიუმები კოლეჯის სტუდენტებმა შეკერეს. თეატრი წელს მაისში გაიხსნა და ღონისძიებაში მონაწილე მსახიობების სამოსიც ასევე სტუდენტების მიერ იყო დამზადებული.

კოლეჯი სრულად რეაბილიტირებული და კოლეჯში მოქმედი ყველა სასწავლო სახელოსნო -სადურგლო, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, სტილისტის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის და ა.შ. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.