ირაკლი ალასანიამ საქართველოს ძველით ახალი წელი და კალანდობა გურიიდან მიულოცა

ძველით ახალი წელი და კალანდობა ირაკლი ალასანიამ და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა საქართველოს გურიიდან მიულოცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერებმა, შემოქმედის ეპარქიის ოზურგეთის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი მეუფე იოსები მოინახულეს და შობისა და ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს.
ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე და თემურ სალუქვაძე დღესვე ოზურგეთის პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ლიდერებმა ადგილობრივებისგან მიმდინარე პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სამომავლო სამოქმედო გეგმები დასახეს.
ოზურგეთში სტუმრობისას ირაკლი ალსანიამ და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს.

























