ბაკურიანში შსს-ს დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. მინისტრის მოადგილემ შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტების და უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები იქნებიან განთავსებული.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების ზომებზე მუშაობას აძლიერებს. დაცვის პოლიციის მიერ აღნიშნულ ტურისტულ ზონაში დაცულია 70-ზე მეტი ობიექტი (სასტუმროები, კომერციული ობიექტები, აგარაკები). დაცვის პოლიცია ასევე იცავს სათხილამურო ტრასის საბაგირო გზას. შესაძლო განგაშებზე დროული რეგირების მიზნით, ოპერატიული ჯგუფები ავტომობილების გარდა, სპეციალური თოვლმავალი სატრანსპორტო საშუალებებითაც (ბურანები) არიან უზრუნველყოფილნი.
შსს-ს დაცვის პოლიციის ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) ახალი შენობების შემდეგ, ბაკურიანის შენობა მე-4 ახალი შენობაა, სადაც დაცვის პოლიციის დანაყოფები განლაგდნენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები 2015 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
არჩილ თალაკვაძემ დაცვის პოლიციის 9 თანამშრომელი 10, 15 და 20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის სამინისტროს მედლებით დააჯილდოვა. დაცვის პოლიციის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ მინისტრის მადლობის სიგელი დაცვის პოლიციის 3 ქალბატონ თანამშრომელს გადასცა. თორმეტივე დაჯილდოვებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია.

























