დავით ბაციკაძე - აჭარაში პოლიტიკური კრიზისია

დავით ბაციკაძე - აჭარაში პოლიტიკური კრიზისია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამდებობიდან გადაყენებული ვიცე-სპიკერის, დავით ბაციკაძის შეფასებით, რეგიონში პოლიტიკური კრიზისია.

როგორც ბაციკაძემ "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, არჩევანი, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით დადგა, შეცვლილია.

"მოხდა ის, რომ მურმან დუმბაძემ გამოაჩინა თავისი სახე. ეჭვები, რომელიც არსებობდა მისი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის შესახებ თვალნათლივ დადასტურდა და ეს დუმბაძემ საქმით დაამტკიცა. ის, რაც უმაღლეს საბჭოში მოხდა არის ლევან ვარშალომიძის, მიხეილ სააკაშვილის და მურმან დუმბაძის ცალსახა რევანში. ეს კრიზისია, აბა სხვა რა ჰქვია ამას? ის არჩევანი, რომელიც დადგა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მურმან დუმბაძემ და მისმა გუნდმა "ნაციონალებთან" ერთად შეცვალეს. ამას თავისთავად უნდა მოჰყვეს უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკურად არასწორია დადგეს ის რეალობა, რისთვისაც აჭარის მოსახლეობას ხმა არ მიუცია", - განაცხადა დავით ბაციკაძემ.

მისივე ვარაუდით, მურმან დუმბაძე და მისი გუნდი თავად მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის გადაყენებას არ შეეცდებიან, რადგან ეს არ აწყობთ.

"აჭარის ხელისუფლების ცვლილების რესურსი მათ არ აქვთ. 14 ხმა სჭირდება მთავრობის თავმჯდომარის გადაყენებას. მე მარტივად გეტყვით, რასაც ისინი კულუარებში ამბობენ კიდეც – ისინი არ აპირებენ მთავრობის თავმჯდომარის გადაყენებას, რადგან იციან, რომ მთავრობის თავმჯდომარის გადაყენება გამოიწვევს უმაღლესი საბჭოს ვადამდელ არჩევნებს, რაც მათ არ აწყობთ. მურმან დუმბაძე და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგებულნი არიან და ფიქრობენ, რომ ახალ არჩევნებამდე დარჩენილი 2 წლის განმავლობაში იყვნენ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ დავით ბაციკაძე სამშენებლო კომპანიას ფლობს, რის გამოც მისი პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა გაუმართლებელია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამდებობიდან გადაყენებული ვიცე-სპიკერი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და მურმან დუმბაძეს მოუწოდებს, შესაბამისი მტკიცებულებით პროკურატურას მიმართოს.

"რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. თუ რამე ფაქტი აქვს მურმან დუმბაძეს, მარტივად შეიძლება მიმართოს პროკურატურას, ის გამოიძიებს", - აღნიშნა ბაციკაძემ, რომლის განმარტებითაც, ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების მიუხედავად კოალიცია "ქართული ოცნების" წევრად რჩება.

დავით ბაციკაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გუშინ გადააყენეს.