იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის მიზნით თამარ ხაჭაპურიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ხაჭაპურის დაბარება განპირობებული იყო მის მიერ გაკეთებულ განცხადებებით, რომელიც შეეხებოდა სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებით ყალბი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობების გაცემის ფაქტებს.
"თამარ ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მას დაბადების მოწმობების გაყალბებაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ კონკრეტული ფაქტები არ გააჩნია და ვერც დასახელებულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინა. ამავე დროს, თამარ ხაჭაპურიძემ უარი განაცხადა გასაუბრების ოქმზე ხელმოწერაზე, მოუცლელობის მიზეზით. არ დაელოდა გამოკითხვის ოქმის დასრულებას და დატოვა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ან მისი რომელიმე სსიპ-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ და შესაბამისი მსვლელობა მისცეს მითითებულ ფაქტებს, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"