ერთი კარიკატურის გამო ხაჯიმბამ აფხაზეთში ქართულად სწავლება აკრძალა
სადღობელაშვილი - "კუკავას ბოთლი ვესროლე, მაგრამ ასცდა... სიგარეტი კი შიგ შუბლში გავარტყი"
სოსო ცინცაძე - "აშშ-ის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის კურსის კორექტირებას იწყებს"
* * *
ერთი კარიკატურის გამო ხაჯიმბამ აფხაზეთში ქართულად სწავლება აკრძალა
"გალში დარჩენილ 11 ქართულ სკოლაში მომავალი წლიდან სწავლება რუსულ ენაზე მოხდება და ქართული მხოლოდ ერთ რიგით საგნად დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე აანონსებს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება და თვით ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია მის "რესპუბლიკაში" მოსწავლები თბილისში დაბეჭდილი ისეთი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას უარყოფს". გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონიას თქმით, დღეს მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლა ინარჩუნებს ქართული სკოლის სტატუსს, თუმცა აფხაზური ადმინისტრაციის მხრიდან უკვე მიზანმიმართული აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ყველა სკოლა რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდეს, რაც ხაჯიმბამაც აღნიშნა"წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ერთი კარიკატურის გამო ხაჯიმბამ აფხაზეთში ქართულად სწავლება აკრძალა.
"რუსიფიკაციის გეგმაზომიერი პოლიტიკა მიმდინარეობს. რუსეთი საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას არ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკი მიდის. სინამდვილეში ეკონომიკური ურთიერთობის რაღაც ნაბიჯის გარდა არაფერი არ ჩანს. ხაჯიმბას ეს განცხადებაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველების ასიმილაციის პოლიტიკა ისევ აქტიურად მიმდინარეობს. შედეგი ის იქნება, რომ ქართველი მოსწავლეები რუსული წიგნებით, რუსული სასწავლო პროგრამით სწავლების გამო იძულებული გახდებიან, სწავლა არა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ სოხუმსა და რუსეთში გააგრძელონ. ასეთი შედეგი რამდენიმე წელიწადში დადგება. ამას ემატება მეგრული "დედა ენის" შეტანის გეგმაც. მე უკვე აღარ ვიცი, ჩვენ რა შეგვიძლია, საპროტესტო განცხადებების მეტს ვერაფერს ვაკეთებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა."ორი დღის წინ აფხაზეთში გაერო-ს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და ასევე გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვას არ აპირებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აფხაზური სახელმძღვანელოების საშუალებით მოხდება, რადგან "მიუღებელია, ბავშვებს ისეთი სახელმძღვანელოთი ასწავლონ, რომელიც აფხაზეთის არსებობას უარყოფს. ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა დავამყარეთ რუსეთთან და საქართველოსთანაც კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება გვინდა, თუკი ქართული მხარე მიხვდება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის აღიარება აუცილებელია", - განაცხადა ხაჯიმბამ გალის მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისი თქმით, "აფხაზეთის კონსტიტუციის" მიხედვით აფხაზური ენა "სახელმწიფო ენაა", რუსულ ენაზე კი საქმეთა წარმოება მიმდინარეობს. ამიტომ გალის მოსახლეობისათვის აუცილებელია იცოდნენ აფხაზურიც და რუსულიც, ხოლო ვისაც ქართული ენის ცოდნა უნდა, შეუძლია ისიც ისწავლონ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვისაც უნდა, ისწავლოს, ზედმეტი არ იქნება. მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, ბავშვებს ჩვენი სახელმძღვანელოებით მივაღებინოთ განათლება", - აღნიშნა ხაჯიმბამ და შეკრებილებს მოუყვა, თუ როგორ აჩვენა გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ის ქართული სახელმძღვანელო, რომლითაც გალის რაიონის სკოლებში ბავშვებს ასწავლიან - "ამ წიგნში მოცემულია ილუსტრაცია, სადაც დახატულია რუსული დათვი, რომელიც საქართველოს და აფხაზეთს ერთმანეთისგან აშორებს და ამ ტერიტორიებს ჭამს. ჩვენ ამ ნახატის აზრს ვერ გავიზიარებთ. ამიტომაც არის აუცილებელი ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც აფხაზეთში გამოიცემა და რომლებშიც საქართველოს მიერ თავსმოხვეული იდეოლოგია არ იქნება გატარებული", - დაამატა ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტმა". თავის მხრივ, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ლიდერმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ რაიონის 20 სკოლიდან 11-ში სწავლება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობს, განსაკუთრებით დაბალი ზონის სკოლებში", - დასძენს გამოცემა.
"მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც არ გაიქცნენ და აფხაზეთში დარჩნენ. მაგრამ ასეთი სწავლება ამ მოქალაქეებს მძიმედ ურტყამს. საკითხავია, ის ადამიანები, რომლებიც აფხაზურ ენაზე ვერ წერენ და ვერ საუბრობენ, როგორ შეძლებენ სახელმწიფოში ადაპტირებას?!" - განაცხადა ნადარაიამ და დასძინა, რომ დღეისათვის სკოლებში უკვე დარიგდა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პროგრამის შესაბამისად შექმნილი 4 000 სახელმძღვანელო. გალის რაიონში ომამდელ საზღვრებში 31 სკოლა ფუნქციონირებდა. ამ სკოლებიდან დღეს ხელოვნური დაქუცმაცების გამო 9 სკოლა ტყვარჩელის რაიონს ეკუთვნის, 1 - ოჩამჩირეს, 20 კი - გალის რაიონს დარჩა", - წერს სტატიის ავტორი.
"გალი ზედა და ქვედა ზონებადაა დაყოფილი, ზედა ზონაში 9 სკოლაა, ქვედა ზონაში - 11. დღესდღეობით მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლაში მიმდინარეობს ქართულად სწავლება, სხვაგან - რუსი ავტორების, რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებია და ქართული მხოლოდ რიგით საგნად ისწავლება - კვირაში ერთი საათი ქართველი ენა და ერთი საათი ლიტერატურა ისწავლება. თუმცა, ქართული პედაგოგები მოსწავლეებს ქართულს ჩუმად მაინც ასწავლიან. ასევე მეორე კლასიდან ყველა სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა და ისიც რიგით საგნად. ნონა შონია აცხადებს, რომ ქვედა ზონის ქართულ სკოლებში უკვე ამ სასწავლო წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ქართულ ენას ჩამოერთვა საათები და რუსულის სწავლება გაძლიერდა", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"თუ მანამდე გალის ქართულ სკოლებში მოსწავლეები რუსულის სწავლას მესამე კლასიდან იწყებდნენ, წელს პირველი კლასიდან დაიწყო და გაძლიერებულად. 31-ვე სკოლაში ყველა მოსწავლე ქართული გრიფირებული სახელმძღვანელოებით მარაგდებოდა, თუმცა 2013-2014 წლებში მხოლოდ ქვედა ზონის 11 სკოლისათვის მოხდა სახელმძღვანელოების გადაგზავნა. ოღონდ ერთი აკრძალვა ყოველთვის მოქმედებდა - ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორის სახელმძღვანელოების შეტანა აკრძალულია. მომავალი წლის სექტემბრიდან დაგეგმილია, რომ ამ დარჩენილ 11 ქართულ სკოლაშიც პირველი კლასიდანვე მხოლოდ რუსულად დაიწყოს სწავლება და როგორც ხაჯიმბამ განაცხადა, ქართული რიგით საგნად უნდა ისწავლებოდეს. ის სახელმძღვანელო, რომელზეც ხაჯიმბა ამბობს, დათვი იყო გამოსახულიო, V-VI კლასის ისტორიის სახელმძღვანელოა, სადაც 2008 წლის ომზე მოკლედ საუბარი და ევროპული პრესიდან ამოღებული კარიკატურაა - დანაწევრებული საქართველო და იქვე დათვია დახატული, რომელსაც "რუსეთი" აწერია", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნონა შონია.
"სხვათა შორის, ხაჯიმბას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი შეეპასუხა - თუკი დაწყებითი კლასიდან მოხდება სწავლების რუსულ ენაზე გადაყვანა, ეს ქაოსს გამოიწვევს, ბავშვებმა სათანადოდ რუსული არ იციან და საგნების სწავლებას ვერ შეძლებენ, არც პედაგოგები ფლობენ რუსულ ენას სრულყოფილად და რუსულ ენაზე საკმარისი სახელმძღვანელო არ არისო. თანაც, ოკუპირებულ აფხაზეთში გაცხადებულია, რომ ნაციონალური სკოლებისთვის სახელმძღვანელოების შექმნა თავად სურთ, თუმცა, ჯერ შექმნილი არ აქვთ. ნადარაიას მიერ ნახსენები უკვე დაბეჭდილი 4 ათასი წიგნი, ეს არის მეორე-მეოთხე კლასის რუსული ენის წიგნები, თუმცა, ჯერ სკოლებისთვის არ გადაცემულა და არ ვიცით, ვის გადასცემენ. არ ვიცით, რა და როგორ იქნება, მაგრამ ამ პროცესის შეჩერება ჩვენზე დამოკიდებული არ არის. რუსულ სწავლებაზე გადასვლა მართლაც დიდ ქაოსს გამოიწვევს და ბავშვების განათლებას ძალიან დააზარალებს, რადგანაც რუსულ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში გაკვეთილების ჩატარება ისევ ქართველ პედაგოგებს მოუწევთ", - ამბობს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
"ტყვარჩელისა თუ გალის ზედა ზონების სკოლებში ძირითადად ჩვენი პედაგოგები მუშაობენ, ისინი ქართველები არიან, განათლება ქართულად აქვთ მიღებული, თუმცა, იძულების გამო საგანს წინა ღამით რუსულად იზეპირებენ, რომ მეორე დღეს გაკვეთილი ბავშვებს რუსულად აუხსნან. მათ ძალიან უჭირთ და თუკი ქვედა ზონის სკოლებშიც სწავლება რუსულენოვანი გახდება, ბუნებრივია, მასწავლებლებს გაკვეთილის რუსულად სწავლა მოუწევთ. არის სხვა პრობლემაც - რუსეთში გამოცემული სახელმძღვანელოებით განათლებამიღებულ ქართველებს მომავალში ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრაც გაუჭირდებათ. დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების ერთი ნახევარი თუ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობს, მეორე ნახევარი სოხუმისა და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებს განათლებას. მით უმეტეს, სოხუმში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება საერთოდ უგამოცდოდ ხდება. ქართული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს კი აფხაზეთში საერთოდ ვერც გამოაჩენ, ეს სახიფათოა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილია, უფრო და უფრო ბევრი ქართველი სასწავლებლად საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კი არ წავიდეს, არამედ სოხუმსა და რუსეთში, რომ გალში რუსული იდეოლოგიით განათლებულები დაბრუნდნენ", - დასძენს შონია.
სადღობელაშვილი - "კუკავას ბოთლი ვესროლე, მაგრამ ასცდა... სიგარეტი კი შიგ შუბლში გავარტყი"
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. კუკავა ამბობს, რომ ხუთშაბათს პატრულის მიერ დაკავებული სადღობელაშვილი პოლიციის შენობაში ხელბორკილების გარეშე დასეირნობდა. ამბობს, რომ დაპირისპირებისას მას ბორკილები დაადეს, სადღობელაშვილი კი ისევ ბორკილების გარეშე დარჩა. კუკავა მას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ხელისუფლების მიერ შექმნილ ზონდერს უწოდებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სადღობელაშვილი: კუკავას ბოთლი ვესროლე, მაგრამ ასცდა... სიგარეტი კი შიგ შუბლში გავარტყი / კუკავა: სადღობელაშვილი "ოცნების" თეა თუთბერიძეა.
"სადღობელაშვილი "თავისუფალი საქართველოს" ლიდერს "ნაციონალებთან" კავშირში სდებს ბრალს - ამბობს, რომ მათთვის საამებელ აქციებს მართავს. მისი თქმით, კუკავამ მისი პროვოცირება მოახდინა და პოლიციასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია. ხუთშაბათ საღამოს ლადო სადღობელაშვილი და კახა კუკავა პოლიციის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამ დროს სადღობელაშვილი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავდა. დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცავებმა კუკავაც დააკავეს, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში აღარ გადაუყვანიათ. კუკავას განმარტებით, როდესაც საპატრულო პოლიციის შენობაში შევიდა, ლადო სადღობელაშვილი დაინახა, რომელიც მისგან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით შენობაში ბორკილების გარეშე დასეირნობდა, მოსალოდბნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მას გაეცალა, თუმცა სადღობელაშვილი მასთან მივიდა და პროვოკაციები მოუწყო", - აღნიშნავს გამოცემა.
"მისი პროვოკაცია ჩემთან კონტაქტში შემოსცვლა იყო. როფესად ადამიანი წინა დღეებში დედას გაგინებს საჯაროდ და მეორე დღეს შენთან საუბარს იწყებს, ლოგიკურია, ეს საუბარი კარგით არაფრით დამთავრდება. ჯერ იყო კონტაქტში შემოსვლა, მერე მწვავე საუბარი და ბოლოს გინება. მე გულგრილად ვერ დავუწყებდი ყურებას. იყო მცირე შეხლა-შემოხლას. ეს ყოველივე უკავშირდება ჩვენს აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან - ამ პერიოდიდან დაიწყო სადღობელაშვილმა ჩემი მისამართით უშვერი ლანძღვა-გინება. ამას არასდროს გამოვხმაურებივარ - ჩვენ პრეტენზიები წავუყენეთ ბიძინა ივანიშვილს, მის მაგივრად კი ლადო სადღობელაშვილი გამოხტა და ჩვენი ლანძღვა-გინება დაიწყო. ეს ყოველივე ადასტურებს იმას, რომ სადღობელაშვილი არის აგენტი - რა თქმა უნდა შსს-სა და ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს ეგ და მთლიანად "თავისუფალი თაობა" ეს ძალიან ჰგავს "ნაციონალების" პერიოდს. სადღობელაშვილი არის ხელისუფლების თეა თუთბერიძე. რაც მოხდა, ტრაგიკულ ფაქტად ნამდვილად არ მიმაჩნია, ქვეყანაში გაცილებით დიდი უბედურებები ხდება. რაც "ნაციონალებმა" თუთბერიძით მოიგეს, იმას მოიგებს "ოცნება" სადღობელაშვილით" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
"ნაცმოძრაობასთან" დაპირისპირების გამო დამაკავეს. მთელი დღის მშიერ-მწყირვალი ვიყავი. პოლიციელებს ვთხოვე რომ იზოლატორში გადაყვანამდე საშუელება მოეცათ რამე შემეჭამა. პოლიციის შენობაში ვიყიდე "კოკა-კოლა" და შოკოლადი ამ დროს ერთი ხელიდან ხელბორკილი მომხსნეს და მხოლოდ ცალ ხელზე მეკიდა. ამ დროს დავინახე კუკავა. მივესალმე, ისიც მომესალმა. შემდეგ ჩავიდა კიბეზე და იქიდან გამომიწვია - აი, ხომ დაგინახე, პოლიციელებთან თანამშრომლობო თუ რაღაც მსგავსი მითხრა. გამოწვევაზე ვუპასუხე და ამის მერე დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სიტუაცია პატრულმა ადეკვქტურად შეაფასა და მას დააკისრა ხულიგნობის სასჯელი", განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო სადღობელაშვილი.
"ალბათ, ის აღარ ახსოვს, რომ სიგარეტი ვესროლე შუბლში და კიდევ მეტს იმსახურებდა. "კოკა-კოლას" ბოთლიც ვესროლე, მაგრამ სამწუხაროდ აცდა. სიგარეტი კი შუბლში - პირდაპირ თვალებს შორის მოხვდა. მე აგენტი როგორ უნდა ვიყო - აგენტი არის როცა სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობ. ჩემი ქვეყნის აგენტიო როგორ უნდა ვიყო. კუკავა იურისტი კი არის, მაგრამ როგორც ჩანს უვიცია. პოლიციასთანაც რომ ვთანამშრომლობდე, არც პატრული დამიჭერდა გუშინ და ჩემს თავს "ზონელებს" არ აცემინებდა, არც ამდენი ჯარიმები მექნებოდა და არც "კაპეზეზე" გათენებული ღამეები. თავის თავზე ილაპარაკოს კუკავამ. ეგ არის "ნაციონალების" გოშია. იღებს ფულს მათგან, რომ მათთვის სასიამოვნო აქცია გამართოს. პირადად მაქვს ნანახი ფოტოები. რომელიც ბოკერიასთან აქვს გადაღებული. პირველად "ნაციონალების" სიით შევიდა პარლამენტში, იქამდე კი მოსმენების უფროსი იყო" - დასძენს ლადო სადღობელაშვილი.
სოსო ცინცაძე - "აშშ-ის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის კურსის კორექტირებას იწყებს"
"აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში ახლი ელჩის კანდიდატურა წარადგინა. სავარაუდოდ, ამ თანამდებობას დიპლომატი იან კელი დაიკავებს. ცნობისათვის, იან კელი პროფესონალი დიპლომატია და სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. იყო აშშ-ს წარმომადგენელი ეუთოში; აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი. 2009-2010 წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროში ეკავა სპიკერის პოზიცია. საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ახალი ელჩი თბილისში მისი 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ზაფხულის მიწურულს ჩამოვა. თეთრმა სახლმა პროფესიონალი და გამოცდილი დიპლომატი შეარჩია, რომელსაც სენატი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაამტკიცებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "აშშ-ის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის კურსის კორექტირებას იწყებს" / სოსო ცინცაძის აზრით, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რუსეთის საკითხებზე მომუშავე დიპლომატის დანიშვნა რეგიონში რუსეთის როლის ზრდაზე მიუთითებს.
"ფაქტი, რომ საქართველოში ელჩად ინიშნება დიპლომატი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის პრობლემებით იყო დაკავებულ, მეტყველებს იმაზე, რომ მკვეთრად იზრდება რუსეთის როლი ჩვენს რეგიონში და თავისთავად, ამერიკული დიპლომატიის ინტერესიც აღნიშნული მიმართულებით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკის ხელისუფლებში იწყება რუსეთთან ურთიერთობაში არსებული კურსის კორექტირება. რამდენიმე დღეში, 19 მარტს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა სამიტზე უნდა მიიღონ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციათა ბედზე. სანქციების გამკაცრების ან არსებულ დონეზე შენარჩუნების მომხრენი არიან მხოლოდ აღმოსვლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოები დიდ ბრიტანეთთან ერთად. რაც შეეხება იტალიას, საფრანგეთს და არაფორმალურ ლიდერ გერმანიას, აქ უკვე განსხვავებული პოზიცია ფიქსირდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვაშინგტონი, უხალისოდ, მაგრამ მაინც იძულებული ხდება თუნდაც ტაქტიკური უკან დახევის რეჟიმში ეძებოს რუსეთთან ურთიერთობის გაცილებით პრაგმატული კურსი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე.
"ეს აისახება როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის მიმართულების გააქტიურებით, სევე ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რუსეთის სპეციალისტების დიპლომატიური დელეგირებით. რაც შეეხება ქართულ ამერიკულ ურთიერთობას, აქ უკვე ძნელია იმ ფაქტორის იგნორირება, რომ 2008 წლის ომიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები არცთუ აშკარად თვალში საცემი, მაგრამ მაინც დაღმავალი გზით ვითარდება. რასაკვირველია, საქართველო არასოდეს ყოფილა და არც იქნება მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ის "ოქროს ხანა" (2000-2008 წწ) წარსულს ჩაბარდა. ეს, რასაკვირველია, სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ფაქტია, ვაშინგტონს დღემდე ვერ მოუნელებია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზები, საბაბი და შედეგები. როგორც ჩანს, ახალი ელჩს მოუწევს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ინტენსიურობა რუსეთ-ამერიკის პარტნიორობის ადეკვატურად აქციოს", - დაასკვნის სოსო ცინცაძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"