ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2015

ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2015

გვენეტაძის უღელი - შეიცვლებიან თუ არა მოსამართლეები

51%-ს ეკონომიკის გაჯანსაღების იმედი დაკარგული აქვს

უვიზო რეჟიმი მიგრაციულ შოკს გამოიწვევს

***

გვენეტაძის უღელი - შეიცვლებიან თუ არა მოსამართლეები

"ინსტიტუციური ცვლილებები, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება, მათი ანაზღაურების ზრდა და დაცულობის გარანტიები - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც იურისტების აზრით, უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ პირველ რიგში უნდა გააკეთოს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებაში მისდამი ნდობის ზრდა უზრუნველყოს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებსა და მოსამართლეთა შემადგენლობის გადახედვას, ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ნინო გვენეტაძეს ეს არ ეხება და მას არ აქვს კანონიერი უფლება, მოსამართლეთა განთავისუფლებაში, ან დანიშვნაში ჩაერიოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გვენეტაძის უღელი - შეიცვლებიან თუ არა მოსამართლეები.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობაზე მუშაობას გუშინ შეუდგა და ჟურნალისტებთან ისიც განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას შეეხება ეს ცვლილებები. "ბუნებრივია, კანონის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს დასჭირდება. რას შეეხება ცვლილებას, ამას შემდგომში გაცნობებთ. ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი ცვლილებები განხორციელდება", - აღნიშნა გვენეტაძემ.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა კი მიიჩნია, რომ ნინო გვენეტაძის განცხადებები სისტემაში გარკვეული ცვლილებების გატარების შესახებ მოსამართლეების შეცვლას არ გულისხმობს. "სტაბილურობა პირველ რიგში სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები არიან შეუცვლელი. ეს კონსტიტუციური პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს", - აღნიშნა მან.

"იურისტები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რა რეფორმები უნდა გაატაროს პირველ რიგში ნინო გვენეტაძემ და რა ნაბიჯები სჭირდება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, შელახული რეპუტაციის აღდგენას, საზოგადოების თვალში იმიჯის ამაღლებას და მოსამართლეთა სრულ დამოუკიდებლობას. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემას არა საკადრო ცვლილებები, არამედ ინსტიტუციური სახის რეფორმები ესაჭიროება. რაც შეეხება თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს, ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მას არ შეუძლია სასამართლოს ფუნქციონირებაზე გავლენა მოახდინოს. თავმჯდომარეს, მენაბდის თქმით, ადმინისტრაციული ფუნქციები აქვს, თუმცა ვერ ჩაერევა ვერც მოსამართლეების თანამდებობიდან განთავისუფლებაში, ვერც დანიშვნაში, იმაზე მეტად, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგითი წევრი. ასევე, მისი თქმით, გვენეტაძეს არ გააჩნია რამე კონკრეტული კანონიერი ბერკეტები იმისათვის, რომ მოსამართლეებზე, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წვლილი მნიშვნელოვანია და იმედს იტოვებს, რომ გვენეტაძემ, როგორც მოსამართლემ, საკუთარი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ იცის მოსამართლის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. "მოგეხსენებათ, რეფორმა რამდენიმე ფაზად მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად ორგანულ კანონში გარკვეული ცვლილებებია შემოთავაზებული, რომელსაც ვენეციის კომისიამ კონკრეტული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უპასუხა. სწორედ ამის ასახვა მიმდინარეობს ახლა. მოგეხსენებათ დღეს მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც მოსამართლე თანამდებობაზე სამი წლით ინიშნება. ამ დროის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას სამჯერ აფასებს და თუკი იგი დადებით დასკვნებსა და შესაბამის ქულებს დააგროვებს, მოსამართლედ უვადოდ ინიშნება. ეს წესი კონსტიტუციონალიზმის გონივრულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. არსებობს ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი ექსპერტების უამრავი რეკომენდაცია, სადაც წერია, რომ ეს გამოსაცდელი ვადა უნდა გაუქმდეს და ერთიანი ვადა დაწესდეს. ეს შეიძლება იყოს თანამდებობაზე უვადოდ, ან დაახლოებით 20 წლით გამწესება. ეს პრინციპული საკითხია და მოსამართლეების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის პოზიცია ძალიან საინტერესოა და იმედია, მისი მხრიდან თამამი განცხადებები გაკეთდება", - აცხადებს მენაბდე.

"რაც შეეხება საკადრო ცვლილებების მნიშვნელობასა და აუცილებლობას, იურისტი ამბობს, რომ არ არის ბედნიერი იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს სასამართლოში გვყავს. "რა თქმა უნდა, გვყავს ძალიან კარგი მოსამართლეები, მაგრამ ასევე გვყავს მოსამართლეები, რომელთა საქმიანობაც, დამოუკიდებლობის ან კომპეტენციის თვალსაზრისით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად ამისა, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება - სასამართლო კორპუსის შეუცვლელობა და დამოუკიდებლობა. სწორედ ეს უნდა გვედოს ჩვენ მიზნად მაშინ, როცა სასამართლო რეფორმაზე ვსაუბრობთ. სწორედ ამ ინსტიტუციური საკითხების მოგვარება უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და შესაბამისად, მოსახლეობის თვალში ნდობის აღდგენასაც", - დასძენს იგი.

"ნინო გვენეტაძის მოღვაწეობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში დიდი ოპტიმიზმით არ უყურებს "პოლიტიკისა და სამართლის ცენტის" ხელმძღვანელი, იურისტი ამირან გიგუაშვილი. მისი თქმით, ეს განწყობა პირველ რიგში იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ მის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა არ გვინახავს. "მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა ალბათ უფრო სამართლიანობის აღდგენაა, ვიდრე წინ გადადგმული ნაბიჯი", - მიიჩნევს იგი. მისთვის ასევე მიუღებელია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და ამბობს, რომ გვენეტაძე ამას მხარს უჭერს. სწორედ ამის გამო მიიჩნევს, რომ იგი ხელისუფლებისაგან შემოთავაზებულ კონიუნქტურას ემორჩილება, ვინაიდან ეს ინიციატივა სწორედ ხელისუფლებას ეკუთვნის. იმისათვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვქონდეს, ამირან გიგუაშვილის აზრით, შემდეგი სამი ფაქტორი უნდა იყოს უზრუნველყოფილი: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მაღალი ანაზღაურება და დაცულობის გარანტიები. ამ უკანასკნელში კი იმას გულისხმობს, რომ მოსამართლეებს ზოგჯერ ძალიან მძიმე განაჩენების გამოტანა უწევთ და არ უნდა ჰქონდეთ შიში, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის შემდგომ მათ ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება ან პასუხისგება მოუწევთ. "სწორედ ამ სამი ფაქტორის შესრულება უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, რაც თავის მხრივ მართლმსაჯულების მიმართ ნდობის დაბრუნების გარანტიაა. თუ ჩვენ "ნაცმოძრაობის" დროს დამონებული, პროკურატურასთან და ხელისუფლებასთან ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა გვქონდა, ეს პირველ რიგში იმის ბრალი იყო, რომ მოსამართლეები თავს დაცულებად არ გრძნობდნენ და ხვალინდელი დღის ეშინოდათ. არ იცოდნენ, იქნებოდნენ თუ არა მეორე დღეს ისევ თანამდებობაზე. იმისათვის, რომ ჩვენ ნინო გვენეტაძის, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისაკენ სწრაფვა დავიჯეროთ, პირველ რიგში ამ სამი კომპონენტის შესრულებისაკენ გადადგმული ნაბიჯები უნდა დავინახოთ", - აღნიშნავს იურისტი.

"იგი ასევე აცხადებს, რომ მოსამართლეთა საკადრო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ ეხება და იმედს გამოთქვამს, რომ თუკი მსგავსი ცვლილებები განხორციელდება, ეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არ გაკეთდება. "ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ანგარიშვალდებული სასამართლო არ გვინდოდოდა და ასევე არ გვინდა "ქართული ოცნების" მიმართ ანგარიშვალდებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ან სხვა მოსამართლეები. ყველა საკადრო ცვლილება ამ პრინციპიდან უნდა იყოს წამოსული", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

"იურისტი, ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე კი ნინო გვენეტაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას უღელში თავის გაყოფას უწოდებს და ამბობს, რომ ყველას უთანაგრძნობს, ვინც მსგავს პასუხისმგებლობას და ურიცხვი პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე იღებს. "მის წინაშე ძალიან დიდი სირთულეებია. სასწაულმოქმედი უნდა იყო ადამიანი, რომ შეძლო და ამ ყველაფერს თავი გაართვა. გასაკეთებელი ძალიან ბევრია. მთავარი კი ისაა, რომ ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდება. ყველას წარმატებებს ვუსურვებ, იმიტომ, რომ თითოეული მათგანის გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა და მათი მცირედი მარცხიც კი ჩემი მარცხია. თუმცა, გამზრდელი არ ვარ, რომ იმდენჯერ მოვიკლა თავი, რამდენჯერაც მოსაკლავი მექნება. საქართველოს ამ სფეროს წარმატება ძალიან სჭირდება. ძალიან მიხარია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი გახდა. ეს არც ამერიკაში მომხდარა, არც საფრანგეთში, არც გერმანიაში და არც არსად. ეს თავისთავად ძალიან კარგი ნიშანია", - აღნიშნავს უგრეხელიძე.

51%-ს ეკონომიკის გაჯანსაღების იმედი დაკარგული აქვს

"იანვარ-თებერვალში ექსპორტი 26%-ით შემცირდა. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტის მცირედით გამყარების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოსახლეობას ისევ უმუშევრობასა და სამომხმარებლო პროდუქტის გაძვირებულ ფასებთან უწევს ბრძოლა. ამ ფონზე საზოგადოების ოპტიმიზმი და მთავრობისადმი ნდობა ნელ-ნელა პესიმიზმითა და უნდობლობით იცვლება. ეკონომისტები კი მომავალს იმედიანად უყურებენ და აცხადებენ, რომ თებერვლისა და მარტის ზოგიერთი ეკონომიკური მონაცემი ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 51%-ს ეკონომიკის გაჯანსაღების იმედი დაკარგული აქვს / ხალხში უნდობლობა სულ უფრო მატულობს.

"ბიზნეს-რეზონანსმა" მორიგი გამოკითხვა ჩაატარა: გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს? გამოკითხულთა 51,79%-ს არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება არსებულ ეკონომიკურ გამოწვევას გაუმკლავდება. 39,56%-ს დარწმუნებულია, რომ პრობლემები დაიძლევა, ხოლო 8,63%-მა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო. ეკონომისტების განცხადებით, ამ ეტაპზე აუცილებელია სავალუტო სტაბილურობის მიღწევა და მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა. ჯერჯერობით მთავრობას პრობლემის მოგვარების მხოლოდ ზოგადი ხედვა აქვს და ამბობს, რომ დეტალურ სქემაზე ახლაც მუშაობს. ძირითადად იმედი პრივატიზებაზე მყარდება. ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უახლოეს მომავალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 20-მდე მსხვილი ობიექტის გაყიდვისა და 300 მილიონი დოლარის მობილიზაციის იმედი აქვს, რამაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი. შემდეგი ნაბიჯი იქნება ტურიზმის წახალისება გაძლიერებული სარეკლამო კამპანიით; ასევე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, რაც საინვესტიციო და ბიზნესფორუმების რეჟიმში ინვესტორებთან პირდაპირ მუშაობას გულისხმობს. როგორც უკვე ცნობილია, მთავრობის გეგმაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც შედის. ამასთანავე, არ არის გამორიცხული, ინვესტორების ნაწილი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტ პაატა შეშელიძის აზრით, მთავრობის წინაშე სამი მთავარი გამოწვევა დგას: პირველი - უნდა შეიცვალოს მონეტარული სისტემა, მცურავი კურსის შენარჩუნების მოდელი; მეორე - სხვადასხვა სახელმწიფო რეგულაცია ისევ დიდ ტვირთად რჩება ბიზნესისთვის; მესამე - გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯი. "ძალიან ბევრს ხარჯავენ, მათ შორის, სოციალური მიმართულებით. სახელმწიფო ხარჯი მთლიანი ეკონომიკური შემოსავლის 33%-ს შეადგენს, რაც ჩემი აზრით ბევრია. ამას ემატება ისიც, რომ ამ ხარჯის გასასტუმრებლად სესხის მოცულობა იზრდება", - ამბობს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ პრობლემის გადასაჭრელად სწორი დიაგნოზია საჭირო, რომლის დასმა ვერც მთავრობამ შეძლო და ვერც ოპოზიციამ. შეშელიძის აზრით, მთავრობას არ შეუძლია სინქრონული მუშაობა, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა იკვეთება. "რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება არსებულ პირობებში სერიოზული ცვლილებების განხორციელება", - ამბობს შეშელიძე.

"ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ პრობლემის გასამკლავებლად საჭიროა მთავრობის არა მარტო კომპეტენტურობა და არამედ პოლიტიკური ნება. "ისტორიას ჰქონია შემთხვევა, როდესაც არასრული განათლების მქონე პირებს მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებიათ მსოფლიო ისტორიაში. მსოფლიოს ჰყავს ბევრი ისეთი მილიარდერი, რომლებსაც საშუალო განათლებაც კი არ მიუღიათ თავის დროზე. მარტო იმის თქმა, რომ მთავრობა არაკომპეტენტურია და ამიტომ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება, არასწორია. კომპეტენტურობა ერთი პრობლემაა და მეორეა პოლიტიკური ნება", - ამბობს სოსო არჩვაძე.

"მგონი, ამ შემთხვევაში სრული ბალანსია. დეფიციტი ორივე მიმართულებით შეინიშნება, როგორც კომპეტენტურობის, ისე პოლიტიკური ნების მხრივ. გარკვეულწილად უფრთხიან ზედმეტ კრიტიკას. უმოქმედობა კი უარყოფით შედეგს იძლევა. ავიღოთ თუნდაც ბოლო მაგალითი, საკმარისი იყო ლარის გაუფასურება და მაშინვე დაიწყეს, საუბარი ისეთი ობიექტების პრივატიზაციაზე როგორიც არის ეროვნული ბანკის ყოფილი ისტორიული შენობა, ათონელის ქუჩაზე მშენებარე ობიექტი და ა.შ. კარგი, დღეს გავყიდით ამ ობიექტებს, ხვალ რა იქნება? მთავრობამ უნდა მოძებნოს გზა არა მარტო დღევანდელი სტაბილურობის მისაღწევად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში მოქნილი თამაშის წესები უნდა შესთავაზოს როგორც საზოგადოებას, ისე ინვესტორებს. დღეს სახელმწიფოს წინაშე ბევრი გამოწვევა დგას, ვინაიდან ქვეყანა მჭიდროდ არის დაკავშირებული გარე ფაქტორებთან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დიდწილად მომსახურების სექტორის ხარჯზე მიიღწეოდა. ეს სექტორი კი კონიუნქტურული ცვლილებებისა და გარემოს გაუარესების გამო ყველაზე მეტად დაუცველია. ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნეგატიური ტენდენციების განვითარების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის განმავალობაში, სახელმწიფოებრივი ხომალდი წყლის ზედაპირზე გააჩეროს", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

"ეკონომიკის პროფესორი გიორგი ღაღანიძე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას ასევე მთავრობის პოლიტიკურ ნებასა და კოორდინირებულ მუშაობაში ხედავს. "ჩემი ღრმა რწმენით მთავრობას პრობლემების მოგვარება შეუძლია თუ ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს გადადგამს. მე ამ ხალხის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება. საკითხი არის პოლიტიკურ ნებაში, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაში. დღეს უფრო ამ ტიპის პრობლემა გვაქვს და არა კომპეტენციის. სწორი იქნება, თუ ხელისუფლების წევრები რეალურად შეხედავენ ვითარებას და არ წარმოადგენენ მოვლენების განვითარების ზედმეტად ოპტიმისტურ სცენარს", - ამბობს ღაღანიძე.

"ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას აზრით, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები გარე ფაქტორებიდან მოდის, თუმცა მარტის მონაცემები იძლევა იმის იმედს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვა. "დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 3,9 მილიარდ ლარამდე - 15%-ით. ეს იძლევა იმის იმედს, რომ მშპ გაიზრდება. გარდა ამისა, ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მზარდია", - აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

უვიზო რეჟიმი მიგრაციულ შოკს გამოიწვევს

"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, საქართველომ მიგრაციული შოკი მიიღოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისევ მძიმეა, საქართველოდან წასვლის მსურველთა რაოდენობა დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს მხოლოდ მოკლე პერიოდში მოხდება, დროის გასვლის შემდეგ კი, როდესაც ჩვენი თანამემამულეები მიხვდებიან, რომ ევროპაში თავის რჩენა ადვილი არ არის, უკან დაბრუნდებიან. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი მაისში, რიგის სამიტზე მიიღებს. ჩვენთან ერთად, მოლოდინის რეჟიმშია უკრაინაც, თუმცა როგორც ევროპული მედია წერს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი პროცესების გამო, უვიზო რეჟიმის მიღების შანსი, პრაქტიკულად, ნულია. გერმანული "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინას აქვთ შანსი, მაისში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეთანხმებას ხელი მოაწერონ, თუმცა უვიზო რეჟიმის გაფორმებამდე ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, უკრაინა რიგის სამიტზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისგან ძალიან შორს იქნება, საქართველოს შანსი კი 50/50-ზეა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით უვიზო რეჟიმი მიგრაციულ შოკს გამოიწვევს / "ქვეყნიდან გავა შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განათლებული ადამიანები".

"აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან მოლდოვა იყო პირველი, რომლის მოქალაქეებისთვისაც შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლა უვიზო გახდა. უვიზო მომოსვლა მოლდოველებისთვის 2014 წლის აპრილის ბოლოს ამოქმედდა. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით, ბიომეტრული პასპორტით 363 751-მა მოლდოველმა იმოგზაურა, აქედან 277 უკან დააბრუნეს, 213-მა არ შეასრულა ევროკავშირში შესვლის პირობები, 64 კი წარსულში არალეგალური ქმედებების გამო არ შეუშვეს. როგორც ცნობილია, უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისგან (ამ შემთხვევაში უკრაინისა და საქართველოსგან) არაერთი რეფორმის გატარებას ითხოვს, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვას, საზღვრისა და მიგრაციის მართვას, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ამასთან, ევროკავშირი არც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ შეწყვეტს მონიტორინგს. რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე კი სულ ცოტა დრო დარჩა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას გასცემს, თუმცა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის თანხმობაზე იქნება დამოკიდებული შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები 2016 წლიდან ევროპის ქვეყნებში ბიომეტრული პასპორტებით მოგზაურობას", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბევრმა არ იცის, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში ევროპაში ვიზის გარეშე დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ქვეყნიდან წასვლაში ხელს მხოლოდ სავიზო პროცედურების გავლა უშლით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში, ისინი დაუყონებლივ დატოვებენ თავიანთ ადგილსამყოფელს და თანაც არა 90 დღით, არამედ უფრო დიდი ხნით. ამის გამოცდილება რუსეთის შემთხვევაში უკვე არსებობს, როცა უვიზო მომოსვლის დროს საქართველოდან ჩრდილოეთში სამუშაოდ საკმაოდ ბევრი ქართველი გავიდა. ასე იყო უკრაინაშიც", - წერს სტატიის ავტორი.

"ექსპერტი და ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე თვლის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამქმედება მოკლე პერიოდში აუცილებლად მიგრაციულ შოკს გამოიწვევს. "დიდი ალბათობით შოკი იქნება, მაგრამ მერე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში წავლენ და ნახავენ ლამაზ ოფისებს, სადაც არავინ ეტაპიჟება, უკან დაბრუნდებიან. თუკი მაინც დარჩებიან, არცთუ სასარგებლო საქმიანობით დაკავდებიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყნიდან გავა შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განათლებული ადამიანები, რაც საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე და დემოგრაფიაზე ცუდად აისახება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კანაპაძემ.

"მიგრაციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ესაა ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება. აქ კი არც ერთი ადმინისტრაციული მექანიზმი არ მუშაობს. "ჩვენს ძვირფას იურისტებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც "ბ" პუნქტის თანახმად იმართება სამყარო, ვეტყვი, რომ ცდებიან. სამყარო ობიექტური კანონებით იმართება. შენ შექმენი ქვეყანაში ცხოვრების პირობები, გააძლიერე ეკონომიკის რეალური სექტორი და არავის ექნება სურვილი წავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ შავ მუშად. საწინააღმდეგი შემთხვევეში თუ გინდა, საზღვარზე დააყენე ჯარისკაცები ან ბერლინის კედელი აღმართე, არაფერი გამოვა. რამდენი "ბ" პენქტიც გინდა მიიღონ იურისტებმა, ის არც ერთი არ შესრულდება. კანონი უნდა იყოს აღსრულებადი. იულიუსის კანონი და ნაპოლეონის კოდექსი რატომ არის დღემდე რეალური? იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონები იყო. დღეს იქმნება რაღაც მითიური ფონდები, რომლებიც შექმნისთანავე იქცევიან ქაჯეთის ციხეებად, რომლებსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა. თუ შეხვალ იქ, გაგაგზავნიან ბანკებში და გეტყვიან, იქ გასესხებენ ფულსო და ბედნიერი იქნებიო. ბანკების სესხით აშენებულ ქვეყანას ერთს მაინც თუ დამისახელებს ვინმე, მართლაც ბედნიერი ვიქნები", - დასძინა კაპანაძემ.

"განსხვავებული მოსაზრება აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ავთანდილ სულაბერიძე მისი აზრით, იმის გამო, რომ ევროპაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, გამორიცხულია, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოდან მოსახლეობის მასობრივი გადინება მოხდეს. "ევროპის ბევრ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და სამსახურის შოვნა არათუ ქართველს, არამედ იქაურ მოქალაქესაც უჭირს. ეს აქაც იციან და ამიტომ არა მგონია, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, აქედან ხალხის ნაკადი ევროპისკენ დაიძრას", - დასძინა სულაბერიძემ.

"რაც შეეხება ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობას: არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია წასული, რაც მთელი მოსახლეობის 25%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში უცხოეთში სამსახურის საძებრად წასულთა შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა რაოდენობა (შრომით მიგრანტთა 45% ქალია). ქართველებისთვის ემიგრაციის თვალსაზრისით ყველაზე სასურველი ქვეყანა საბერძნეთია, სადაც მიგრანტ ქალთა 24,3% იმყოფება. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოდან მიგრირებული მოქალაქეების დაახლოებით 53% ძიძად, მომვლელად მუშაობს ან სხვა ფიზიკურ სამუშაოს ახორციელებს. 13% - სტუდენტია და მხოლოდ 5% ახერხებს საკუთარი პროფესიით დასაქმდეს. შრომით მიგრაციაში გასული მოსახლეობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. შსს-ს 2015 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქვეყნიდან 407 717 საქართველო მოქალაქე გავიდა, დაბრუნებით კი 391 169 დაბრუნდა; ანუ 16 548-მ საერთოდ უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე ან ქვეყანა რამდენიმე თვით ან წლით დროებით დატოვა. რაც შეეხება სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს, მიგრაციული სალდო ისევ უარყოფითია. 2013 წლის მონაცემებით უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 2,6% შეადგინა. 2013 წელს ქვეყნიდან 21,5%-ით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მიგრაციული სალდო დადებითი და თანაც, სამკაოდ მაღალი იყო 2009 წელს, როდესაც საქართველოში 34,2%-ით მეტი საქართველოს მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა. 2010 წელს ისევ დადებით მიგრაციული სალდო გვქონდა - 18,1%, 2011-ში კი - 20,2%. 2014 წელისსტატისტიკის სამსახურს მიგრაციასთან დაკავშირებით მონაცემი ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა ემპირიული დაკვირვებით და საზოგადოებაში არსებული განწყობით, გამორიცხული არ არის, რომ შარშანაც უარყოფითი მიგრაციული სალდო გვქონოდა", - განაგრძობს გამოცემა.

"სპეციალისტები ამბობენ, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი სოციალური სიდუხჭირეა. ამიტომ ამ პრობლემის დასაძლევად ყველა ქვეყანა მთავარი გამოწვევის წინაშე დგას - გაუმჯობესდეს ეკონომიკური პირობები. დემოგრაფების თქმით, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ბრუნდებიან ქვეყნიდან წლების წინათ წასული მიგრანტები, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ვინც აქ დამკვიდრებას, სამსახურის შოვნას და განვითარებას ვერ ახერხებს, ისევ უკან ბრუნდება", - დასძენს სტატიის ავტორი.