
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-16 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, კონფერენციის გახსნას დაესწრნენ თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი. კონფერენცია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულების 150-ე წლისთავს მიეძღვნა.
"თსუ-ს ამერიკანისტიკის მიმართულება უნივერსიტეტში ატარებს კონფერენციას, რომელიც ეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, მისი ისტორიის, სახელმწიფო მოწყობის სისტემის, ეკონომიკისა და მთავარი ღირებულებების შესწავლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგანაც მეცნიერებს, სტუდენტებს აძლევს საშუალებას უკეთესად გაეცნონ თუ რას ნიშნავს ამერიკული ფასეულობები. ჩვენ ვაფასებთ ამ მიმართულების ღონისძიების ჩატარებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-ს საელჩოსთან ერთად", - განაცხადა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი მეგობარია.
"დღეს ვესწრებით შესანიშნავ კონფერენციას, რომლის მთავარი თემაც გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომის შედეგად ჩვენი ქვეყანა გამთლიანდა და აიკრძალა მონობა. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გაიარა სამოქალაქო ომის მორევში და რომელმაც ასეთი საშინელი გამოცდილება მიიღო. ვფიქრობ, საინტერესო კონფერენცია იქნება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
თსუ-ს ცნობით, კონფერენციის გახსნას დაესწრნენ ამერიკელი დიპლომატები, თსუ-ს პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
კონფერენციაზე 130-მა მონაწილემ წაიკითხა მოხსენებები როგორც კონფერენციის მთავარი თემის, ასევე ამერიკის ისტორიის, პოლიტიკის, განათლების, რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მედიის, სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ქალთა საკითხების შესახებ.
უნივერსიტეტის განმარტებით, კონფერენციის მიზანია ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესწავლა და ცოდნის გავრცელება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შესწავლა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორების, სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება და ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან. კონფერენცია 16 მაისამდე გასტანს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"