თინა ხიდაშელი - ჩემი მისიაა, რაც შეიძლება ფართო ნაბიჯებით ვიაროთ ნატო-სკენ

ჩემი მისიაა, რომ რაც შეიძლება ფართო ნაბიჯებით ვიაროთ ნატო-სკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, რითაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
ხიდაშელის განმარტებით, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
"მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ის ჩემი კოლეგა იყო სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე. ამ განცხადების გამო მისი მადლიერი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან მსგავსი ინიციატივები. ეს, ბუნებრივია, ყველას ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. მომავალ სამიტამდე თითქმის წელიწადნახევარია, ასე, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარების დინამიკას, თუმცა ასეთი დასაწყისი ანტალიის სამიტიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უთქვამს, რომ ნატოს წევრი გახდება ეს ქვეყნები, თუმცა თქვა, რომ უნდა ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით და უნდა გაიხსნას კარები. ამის შესახებ ნატოს სხვა სახელმწიფოებიც დიდი ხანია საუბრობენ ისევე, როგორც საუბრობს გენერალური მდივანიც. სადამდე მივა ეს პროცესი ძნელი სათქმელია. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ. ჩემი მისია არის სწორედ ის, რომ რაც შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და რაც ნაბიჯებით ვიაროთ ნატო-სკენ. ბუნებრივია, ამ განცხადების ფონზე ივნისში თავდაცვის მინისტერიალზე ჩვენ პირველი სერიოზული საუბრები გვექნება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ნატო-ს მომდევნო სამიტის მიზანს საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება უნდა წარმოადგენდეს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ალიანსის გაფართოებას. ამ დროისთვის ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს - მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო. ჩვენ ვისურვებთ, რომ 2016 წლის სამიტის მიზანი ნატო-ს გაფართოება იყოს", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
13-14 მაისს ანტალიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლების მიერ გამართული სამიტი უკრაინის და ავღანეთის საკითხებს მიეძღვნა.

























