საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  მოადგილეები  წარადგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამი მოადგილე წარადგინა. ფინანასთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მოადგილეებად დაინიშნენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე და იურისტი ბესიკ ლოლაძე.

ამავდროულად, ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

გარდა ამისა, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კიდევ ორი მოადგილე ეყოლება, თუმცა ისინი ამ დროისთვის უცხოეთში სწავლობენ და საქართველოში დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის დაბრუნდებიან.

"ჩემი პირველი მოადგილე იქნება დავით ებრალიძე. ბატონი დავითი გახლდათ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში იყო ენერგოომბუდსმენი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კონტროლის პალატაში მუშაობის. შესაბამისად, მისი ამ პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე,  უხელმძღვანელებს და ჩაიბარებს ძირითადად ფინანსების, ლოჯისტიკის, შესყიდვების მიმართულებებს.

ბესო ლოლაძე არის პოცდამის უნივერსიტეტის დოქტორი. სულ რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოში დაბრუნდა. მანამდე გახლდათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

მესამე მოადგილე გახლავთ ქალბატონი ანა დოლიძე. ანას ალბათ ყველაზე უკეთ იცნობენ მედია და საზოგადოება. ანა ორი დღეა, რაც დაბრუნდა საქართველოში. მას ერთი კვირით მოუწევს უკან დაბრუნება, რათა დაასრულოს კანადაში თავისი საქმიანობა უნივერსიტეტში. მასაც აქვს დოქტორის ხარისხი. ანას ძირითადი მიმართულება იქნება უფლებები, ყველა ის თემა, რაც უკავშირდება ქართველ ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, მათ ოჯახებს, დაჭრილ მეომრებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.