თინა ხიდაშელი - მე მინდა საქართველო ნატო-ში მალე

მე მინდა საქართველო ნატო-ში მალე, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე უწყების ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. ხიდაშელის განმარტებით, ეს არის მისი როგორც მოქალაქის, პოლიტიკოსის და მინისტრის პოზიცია, თუმცა შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველო დამოუკიდებლად ვერ იღებს.
"ჩვენ ნატო-ს დროშა დავიყენეთ დღეს გვერდით ბევრი რამის ნიშნად - ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის და ეს არის ჩემი, როგორც მინისტრის ერთ-ერთი მთავარი საქმე და ამოცანა. მე არ მინდა ვინმეს რომელიმე მიმართულებით არასწორი მოლოდინები გაუჩნდეს, ამიტომ საუბარში ძალიან მოზომილი ვიქნები, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მოზომილი საუბარი გამოწვეულია იმით, რომ ვმართოთ მოლოდინები - არ გავაჩინოთ კიდევ უფრო მეტად წუხილი, ან პირიქით იმ ტიპის აღფრთოვანება, რომელმაც ასევე შეიძლება შემდეგ პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. მე მინდა საქართველო ნატო-ში მალე, ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის, როგორც პოლიტიკოსის პოლიტიკური და ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრის პოზიცია, მაგრამ "მალე" რას ნიშნავს კალენდრით, ეს რთული სათქმელია. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ვერ ვიღებთ მარტო და დამოუკიდებლად", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მინისტრის განმარტებით, მათი მთავარი ამოცანაა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოს მიზეზით არ მოხდეს პროცესის შეყოვნება.
"ჩვენი ამოცანაა ასევე ის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რომლებიც მზად არიან ამ გზაზე ჩვენთან ერთად იარონ და საქართველოს ლობისტები იყვნენ, ხელჩაკიდებული სიარული გავაგრძელოთ, რომ სკეპტიკოსებში სკეპტიციზმი გავაქარწყლოთ", - აღნიშნა ხიდაშელმა.

























