თინა ხიდაშელი - უწყებაში ძალიან ბევრი რამ სამართლებრივად დასალაგებელია

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, უწყებაში ძალიან ბევრი რამ სამართლებრივად დასალაგებელია. როგორც ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , დასახვეწი და გასამართია, როგორც მთავარი – "თავდაცვის შესახებ" კანონი, ისე აქტები, რომლებსაც თავად მინისტრები გამოსცემდნენ.
"ძალიან ბევრი რამ სამართლებრივად დასალაგებელი და ასაწყობია, თუმცა ეს არ არის სპეციფიური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის. წლების განმავლობაში ყველა მინისტრს რაღაც ტიპის ცვლილება შეჰქონდა ხოლმე, არა მხოლოდ "თავდაცვის" შესახებ და სხვა კანონში ისე, რომ ხშირად ყურადღების მიქცევა და ანგარიშის გაწევა არ ხდებოდა იმისთვის, რა ეწერა დანარჩენ კანონებში - მთავარი იყო იმ მომენტის კონკრეტული აუცილებლობა დაეკმაყოფილებინათ. ამან, ბუნებრივია, ჩვენს კანონმდებლობაში წარმოშვა ბევრი პრობლემა. ბევრ შემთხვევაში კოლიზიურია კანონი, ბევრ შემთხვევაში ერთმანეთთან თავსებადობის პრობლემები აქვს სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს, რაც ამ სფეროს არეგულირებს. ამიტომ ერთ-ერთი ამოცანა და მიზანი იქნება ისიც, რომ დავალაგოთ ეს სისტემა და გავმართოთ თავიდან ბოლომდე მთელი კანონმდებლობა, დაწყებული მთავარი კანონიდან, რომელიც თავდაცვას ეხება და დასრულებული იმ აქტებით, რომელსაც მინისტრი გამოსცემს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

























