გამომცემლობა "პალიტრა L" ივნისის თვიდან მკითხველს ცნობილი ამერიკელი ბიზნესკოუჩისა და გაყიდვების გურუს, ბრაიან ტრეისის ქართულ ენაზე ნათარგმნ ორ ბესტსელერს - "შეჭამე ბაყაყი" და "გახდი გაყიდვების სუპერსტარი" - შესთავაზებს.
"პალიტრა L"-ის ახალი პროექტის მენეჯერის, თინათინ ასათიანის თქმით, ქართულ ენაზე საკუთარი წიგნებიდან სწორედ ამ ორი წიგნის გამოცემა "პალიტრა L"-ს თავად ბრაიან ტრეისიმ ურჩია.
”ბრაიან ტრეისისთან ორ წიგნზე ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ და საქართველოს ბაზრისთვის ორი ყველაზე გამორჩეული წიგნი გვირჩია. "შეჭამე ბაყაყი" დროის მენე-ჯმენტზეა, როგორ უნდა გადააწყო შენი სამუშაო ისე, რომ მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად შეასრულო დავალებები. მეორე წიგნი - "გახდი გაყიდვების სუპერსტარი", ბრაიან ტრეისის ყველაზე პოპულარული წიგნია. ორივე წიგნის გამოცემის პროცესში ტრეისი თავად აქტიურად არის ჩართული", - აღნიშნავს თინათინ ასათიანი.
ამასთან ერთად, "პალიტრა L" მკითხველს ბიზნესლიტერატურის ახალ სერიას შესთავაზებს, რომელიც პირველ ეტაპზე ოთხ წიგნს მოიცავს: ბიზნესის მართვა, მარკეტინგი, გაყიდვები, სამუშაოს ძიება.
"პალიტრა L"-ის ბიზნესლიტერატურა პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოიცემა. პროექტის ხელმძღვანელთა თქმით, ბიზნესში "ლურჯი ოკეანის" სტრატეგიის იდეა ის არის, რომ ბიზნესსამყარო პირობითად ორ სივრცედ იყოფა - წითელ და ლურჯ ოკეანეებად. წითელი ოკეანეები წარმოადგენენ უკვე ცნობილ და გამოცდილ საბაზრო სივრცეს - აქ შედის ყველა სახის ინდუსტრია, რაც დღეს არსებობს. ლურჯი ოკეანეები კი ჯერაც უცნობი, კონკურენციისგან თავისუფალი სივრცეა, ანუ ჯერაც არარსებული ინდუსტრიები. ლურჯ ოკეანეებში ნიშა კი არ უნდა მოიპოვო, არამედ თავად შექმნა.
"ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. საქართველოში იყო წიგნის ბაზარი და ეს წითელი ოკეანე გახლდათ. "პალიტრა L" კი რამდენიმე წლის წინ შემოვიდა ახალი მიმართულებით - წიგნები პრესასთან ერთად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზარი. ამით შევცურეთ ლურჯ ოკეანეში, ვიყავით მარტო ჩვენ, კონკურენტი არ გვყავდა. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ლურჯი ოკეანე თანდათან "წითლდება". ეს მუდმივი პროცესია. ამიტომაც შევარჩიეთ სახელწოდება "ლურჯი ოკეანე", ბიზნესტერმინია და სიმბოლური დატვირთვაც აქვს", - აღნიშნავს პროექტის მენეჯერი თინათინ ასათიანი.
პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორის ნინო დეკანოსიძის განცხადებით, "პალიტრა L"-ის ახალი ბიზნესლიტერატურა გამოიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბიზნესუნარების დახვეწა, საქმის წამოწყება და ბიზნესის მარტივ ენაზე გაგება სურთ. მკითხველი გაეცნობა სხვადასხვა ბრენდისა თუ კომპანიის ტოპმენეჯერების, ცნობილი ტრენერებისა და ბიზნესკონსულტანტების გამოცდილებას.
"გამოკითხვებით გაირკვა, რომ ქართველი მკითხველისთვის ბიზნესის ოთხი მიმართულება - მარკეტინგი, მართვა, გაყიდვები და სამუშაოს ძიება - ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ გადაწყდა პირველ ეტაპზე სწორედ ამ ოთხი მიმართულების წიგნების გამოშვება", - აღნიშნა ნინო დეკანოსიძემ.
მისივე თქმით, "პალიტრა L"-ს ექსკლუზიური ხელშეკრულება აქვს უმსხვილეს ამერიკულ ბიზნესგამომცემლობა John Wiley & Sons-თან, რომელიც 1807 წლიდან მოქმედებს.
"პალიტრა L"-ის ბიზნესლიტერატურის სერიის პირველი ორი წიგნი - ბრაიან ტრეისის "შეჭამე ბაყაყი" და "სამუშაოს ძიება და ბიზნესის მართვა" ივნისის პირველ რიცხვებში წიგნის მაღაზიებში გაიყიდება.