ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდებული ახალი წესებითა და ელექტრონული სისტემით ატარებს.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს გამართავს სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციით.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ყველა მონაწილე გამოცდას ჩააბარებს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გადაეცა, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის, JILEP–ის, მიერ, რომელსაც საქართველოში ახორციელებს East West Management Institute–ი.
კომპიუტერული პროგრამა იძლევა აპლიკანტთა რეგისტრაციის, გამოცდის ჩაბარებისა და გასაჩივრების საშუალებას ელექტრონული ფორმით. გამოცდის მონაწილეებთან კომუნიკაცია, ხორციელდება აპლიკანტთა ინდივიდუალურ პორტალებზე, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნით. პროგრამის მეშვეობით აპლიკანტისთვის გამოცდის შედეგები ცნობილი გახდება გამოცდის დასრულებისთანავე.
გამოცდების მიმდინარეობას საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა: სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით – 315, სისხლის სამართლის – 176 და საერთო სპეციალიზაციით –130 შეადგენს.
თითოეული სპეციალიზაციის გამოცდისთვის განსაზღვრულია 100 საგამოცდო კითხვა.
გამოსაცდელს, რომელიც გამოცდაზე მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები 2006 წლიდან, წელიწადში ორჯერ ტარდება.