თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" რეგიონული კონფერენცია გაიმართება

თბილისში, 3 ივნისს "ღია მმართველობის პარტნიორობის" რეგიონული კონფერენცია გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს , საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს და კონფერენციის ჩასატარებლად OGP-ის მონაწილე 65 ქვეყანას შორის საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ღია მმართველობის კუთხით წარმატების გამო მოიპოვა, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში საქართველომ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აჩვენა.

"საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას; საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია − 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა; საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში − საერთაშორისო კვლევების თანახმად, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო მე-11 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ნორვეგია, შვეიცარია, ჰოლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით − სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებშიც, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ; საქართველოს აქვს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმი − ღია მმართველობის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია არასამთავრო ბოსექტორსა და საზოგადოებასთან; სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი mygov.ge –  საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება "ღია მმართველობის პარტნიორობამ" ეტაპობრივად, საქართველოს შედეგების შეფასებით მიიღო და ეს ფაქტი საქართველოს, როგორც OGP-ის პარტნიორი ქვეყნის, წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა.

"ღია მმართველობის პარტნიორობა" აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება