თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" რეგიონული კონფერენცია 3 ივნისს გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს , ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში დელეგატები ერთმანეთს ღია მმართველობის კუთხით საკუთარ მიღწევებს გაუზიარებენ. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მოახდენს იმის დემონსტრირებას, რასაც ქვეყანამ ღია და გამჭვირვალე მმართველობის კუთხით მიაღწია. საკონფერენციო სივრცეში წარმოდგენილი იქნება შოურუმები, სადაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ექვსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ ელექტრონულ სერვისებს.
საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს. კონფერენციის ჩასატარებლად OGP-ის მონაწილე 65 ქვეყანას შორის საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ღია მმართველობის კუთხით წარმატების გამო მოიპოვა.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აჩვენა. საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას; საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია − 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანია ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდა; საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში − საერთაშორისო კვლევების თანახმად, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო მე-11 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ნორვეგია, შვეიცარია, ჰოლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით − სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებშიც, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ; საქართველოს აქვს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმი − ღია მმართველობის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებასთან; სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი mygov.ge – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც", - აცხადებენ სამინისტროში.
რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება "ღია მმართველობის პარტნიორობამ" ეტაპობრივად, საქართველოს შედეგების შეფასებით მიიღო. ჩვენი ქვეყნის, როგორც პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოს, წარმატება სხვადასხვა ფორმით აღინიშნა: 2013 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს "ღია მმართველობის პარტნიორობის" ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს.
"ღია მმართველობის პარტნიორობის" რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარება საქართველოს, როგორც OGP-ის პარტნიორი ქვეყნის, წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა.
"ღია მმართველობის პარტნიორობა" აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"