პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წელს პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულების ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ძვირადღირებული მანქანების შეძენა აიძულეს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ განაცხადა, დეპარტამენტმა მუშაობის შედეგად, ჩატარებული გამოძიებით მსგავსი 3 ფაქტი გახსნა, რასაც ადგილი ჰქონდა პროკურატურასა და შსს რაიონულ სამმართველოში.
მისივე თქმით, სამივე ამ შემთვევაში, საჯარო მოხელეების დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა საერთო ნიშნები, ხასიათი და ხელწერა, ისინი მოქმედებდნენ ქონების იძულებით დათმობისა და ჩამორთმევის მსგავსი სქემებით, რაც ხორციელდებოდა მათი ზემდგომი თანანმდებობის პირების მითითებით და დანაშაულებრივ კონტროლ ქვეშ.
"კერძოდ, ერთ შემთვევაში, 2010 წლის ივნისის თვეში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ავტომანქანის სარკის ქუდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ თენგიზ ბურჯანაძე. პროკურატურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, დაკავებულის დედას ხათუნა საგანელიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და აყიდინა ა/მანქანა "ტოიოტა ავენსისი 1.8.", ღირებული 21 000 დოლარად და ა/მანქანა "ჰიუნდაი სონატა", ღირებული 47 197 ლარად. ა/მანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.
მეორე შემთვევაში, 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ხე-ტყის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ გიორგი ჭოხონელიძე. საქმის ზედამხვედველმა რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ბრალდებულის ძმა - ლაშა ჭოხონელიძე დაიბარა პროკურატურაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა 47000 ლარად ღირებული ავტომანქანა "ჰიუნდაი IX35". ა/მანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარი.
მესამე შემთხვევაში, 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ ზაქრო ოდიშვილი და გოჩა ნიკოლეიშვილი. შსს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ბრალდებულების ნათესავებს მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა ა/მანქანა "ტოიოტა ლენდკრუიზერი", ღირებული 34 000 დოლარად. ა/მანქანის ყიდვის და დათმობის შემდგომ ბრალდებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მათ დაეკისრათ ჯარიმა 10 000 ლარი. აღნიშნული ავტომანქანით პოლიციის ხსენებული მაღალჩინოსანი სარგებლობდა", - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული სამი საჯარო მოხელიდან, რომლებიც აიძულებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ შეესყიდათ ა/მანქანები, ორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ მოხდა.
"ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ ამ სამი საჯარო მოხელის ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს დავალების გამცემი შსს და პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანადებობის პირების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე და ამ შემთხვევაში დავალების გამცემი პირების მიმართ გამოყენებულ იქნება მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა. საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს დეპარტამენტის პრეზენტაციისას გაცხადებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და ყველა ქვედა რგოლის საჯარო მოხელის მიმართ, რომელსაც ბრალი მიუძღვით არაძალადობრივ დანაშაულში, გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში არ დაიწყება სისხლისამართლებრივი დევნა და გამოყენებული იქნება დისკრეცია", - განაცხადა კაციტაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"