პრემიერი და თავდაცვის მინისტრი "დელტას" ესტუმრნენ

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი "დელტას" ესტუმრნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ესტუმრა.
სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა და "დელტას" უფროსმა, უჩა ძოძუაშვილმა უმასპინძლეს. "დელტაში" იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
სტუმრებმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მე-8 საამქრო დაათვალიერეს და "დელტას" პროდუქციის შემადგენელი ნაწილების ჩამოსხმის, გამოჩარხვისა და დამზადების პროცესს დაესწრნენ.
სამინისტროს განცხადებით, შემდგომ სტუმრებმა სეტყვის საწინააღმდეგო მართვის ცენტრში გადაინაცვლეს და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის მეცნიერები კახეთის რეგიონში, სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის მთაზე განთავსებული რადარებიდან შემოსულ ინფორმაციას კლიმატური ცვლილებების შესახებ კომპიუტერების ეკრანებზე აკვირდებიან. მართვის ცენტრიდანვე ხდება კახეთის რეგიონში განთავსებული 84 საცეცხლე წერტილის მართვა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობის მეთაურმა და თავდაცვის მინისტრმა სტუმრობა "დელტას" მიერ უახლესი პროდუქციის დათვალიერებით დაასრულეს. წელს "დელტამ" სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების 15 ახალი პროდუქცია წარმოადგინა. კერძოდ, მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, უდაბნოს პირობებისთვის ადაპტირებული ჯავშანმანქანა, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები და სხვა თავდაცვითი საშუალებები.

























