შიდა ქართლის გუბერნატორი ხურვალეთის მოსახლეობას შეხვდა

შიდა ქართლის გუბერნატორი ხურვალეთის მოსახლეობას შეხვდა

სოფელ ხურვალეთის საგუშაგოსთან შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასთან შიდა ქართლის გუბერნატორი, ზურაბ რუსიშვილი მივიდა. ადგილობრივები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მისვლასაც ელოდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ზურაბ რუსიშვილი მოსახლეობასთან შესახვედრად იმ პრობლემების გამო მივიდა, რაც ადგილობრივებმა ხელისუფლების წინაშე დააყენეს. ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევის გარდა უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა აქვთ, მათ შორის სასმელი და სარწყავი წყლის.

ადგილობრივების თქმით, შარშან დაწყებული ბუნებრივი აირის გაყვანა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და ხელისუფლებას მის მოგვარებას სთხოვენ.

ზურაბ რუსიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ინფორმირებულია ადგილობრივების პრობლემებზე და მათ გადასაწყვეტად მუშაობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონკრეტულად სარწყავი წყლით უზრუნველყოფას, ზურაბ რუსიშვილის თქმით, სოფელ ხურვალეთში ცოტა ხანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ჩავა და იგი გააცნობს მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარების გეგმას.