საზაფხულო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსთან თემურ თორდინავასთან ერთად, #1 საზაფხულო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა. ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საზაფხულო ბაღები არის ინოვაცია, რომელიც საკმაოდ კარგ და რაც მთავარია, უფასო სერვისს სთავაზობს მშობლებს, ვისთვისაც აღსაზრდელების ქალაქგარეთ გაყვანა აგვისტომდე შეუძლებელია.
"საზაფხულო ბაღი მუნიციპალიტეტის უდავოდ წარმატებული პროექტია. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მის ყოველწლიურ განხორციელებას, რათა დაინტერესებულ თანამოქალაქეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი და შევთავაზოთ კომფორტული მომსახურება", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს ინფორმაციით, 25 მუნიციპალური საზაფხულო ბაგა-ბაღი ადგილმდებარეობის, შენობისა და კეთილმოწყობილი ეზოების გათვალისწინებით შეირჩა და ისინი თბილისის ყველა რაიონში ფუნქციონირებდა.
საკრებულოს განცხადებით, საზაფხულო ბაღებში ბავშვებს განსხვავებული დღის რეჟიმი და მენიუ ჰქონდათ; მათი კვების რაციონი გამდიდრებული იყო ხილით, ბოსტნეულითა და ნატურალური რძის პროდუქტებით.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა 10 000-მდე იყო და ყველა მათგანი დაკმაყოფილდა.