UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა

საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის (UGSPN) ორგანიზებით, 12-13 ივნისს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში მეექვსე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

წლევანდელი კონფერენცია, სახელწოდებით „ევროპა არის...? ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!“ მიეძღვნა ევროპულ იდეას, მის მომავალსა და მასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - პაველ ჰერჩინსკიმ გახსნეს. კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ევროპარლამენტის წევრი კრისტოფ ბრეიზა, ფრანკფურტის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი საშა ჰახი, SKY News-ის უსაფრთხოების ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი, თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტი მუსტაფა აიდინი.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და მკვლევრები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური სფეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„როგორც ვიცით დღევანელი სამყარო სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ევროპას კი სჭირდება ცვლილებები და ადაპტირება, ამ დებატებში კი საქართველოს ხმა მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღესაც საქართველო ერთ-ერთი ჩვენგანი გახდება“, - ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინკსი.

„ევროპის წინაშე დგას ამოცანა, რომ მან ხელახლა განსაზღვროს საკუთარი როლი - გლობალურად და რეგიონალურად, შესაბამისად ამას ეძღვნება ეს კონფერენცია, ბევრი საერთაშორისო სტუმარია ჩამოსული, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ევროპის ახალი არქიტექტურა, რა როლი აქვს საქართველოს. ჩვენ არ განვიხილავთ საქართველოს როგორც ქვეყანას, რომელიც მოხოლოდ ბენეფიციარი იქნება დასავლეთ ცივილიზაციის, ჩვენ მიგვანჩნია, რომ საქართველო ყოველთვის იყო და არის დასავლური ცივილიზაციის თანაშემომქმედი, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი“, - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია.

„წელს ჩვენ ავირჩიეთ თემა ევროპა - ვფიქრობ, რომ დავფარავთ იმ საკითხებს რომელიც შეეხება ევროპას, ევროპის კავშირს. შეეხება საქართველოს, მის, ამ ეტაპზე ჩამქრალ პერსპექტივას, თუმცა ვფიქრობთ რომ ეს პერსპექტივა უმალ გაიღვიძებს, როგორც კი ეს გარემოება შეიქმნება საქართველოში“, - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, კონფერენციის ორგანიზატორი, გია ჯაფარიძე.

კონფერენციის მიზანია ეროვნული, რეგიონული და გლობალური დინამიკის მამოძრავებელი ძირითადი მოვლენებისა და საკითხების წარმოჩენა. კონფერენციის ძირითად პანელებზე განხილულ იქნა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცვლილების ფონზე ევროპის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ავტონომიისკენ სწრაფვა; ევროპის კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები აღმოსავლეთ ევროპაში; თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში; დემოკრატიის ეროზია, ავტოკრატიული რეჟიმების განმტკიცება, წინააღმდეგობის სტრატეგიები და ინსტიტუციური მედეგობა. გარდა ამისა, დისკუსია გაიმართა პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიული სტრუქტურების როლზე თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის კონტექსტში.

„ევროპული უსაფრთხოება ახლა გზაჯვარედინზე დგას, რადგან ტრასანტლანტიკური ურთიოერთობები სწრაფ ევოლუციას განიცდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეროპელებმა ძალიან განსხვავებულად უნდა იფიქრონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეს გულისხმობს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა საქართველო და მოლოდვა, ასევე საკვანძო ევროპულ ქვეყნებს - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია. უკრაინაზე 2022 წლის აგრესიის შემდეგ, რუსეთის წინაშე უკან დასახევი გზა ევროპას არა აქვს, თუ ევროპული ქვეყნები მართლაც სერიოზულად არიან განწყობილნი ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნით, რათა თავი უფრო ეფექტურად დაიცვან, მაშინ საქართველო ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. საქართველოსთვის კი, როგორც პატარა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია იყოს ამ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. ისტორიული კითხვა იმაშია - არის თუ არა ევროპა, როგორც ერთობა მზად აიღოს რეალურად კონტროლი საკუთარ უსაფრთხოებაზე და მომავალზე, რადგან ის საკმაოდ ნელი იყო ამ პროცესში. ქართველი ხალხის სურვილი უნდა იყოს ფუნდამენტური ფაქტორი იმისა თუ საით უნდა იაროს საქართველომ. სამყარო რომელშიც ახლა ვაბიჯებთ, შექმნის ახალ გამყოფ ხაზს რუსეთის გავლენის სფეროებს და თავისუფალ ევროპულ სივრცეს შორის, არამგონია რომ საქრათველომ მოახერხოს ორივესგან განდგომილად დგომა, იმედია ასე არ მოხდება. საქართველოს მოუწევს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება - იღებს რუსეთის გავლენის სფეროს თუ გააღწევს და გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს, რომ გახდეს დასავლური, ლიბერალ-დემოკრატიული ევროპის ნაწილი. ვფიქრობ, ეს დრამატული მომენტია ქართველი ხალხისთვის, ვუსურვებ მათ სწორი არჩევანის გაკეთებას“, - კინგსის კოლეჯის პროფესორი, SKY News-ის უსაფრთხოების ანალიტიკოსი მაიკ კლარკი.

კონფერენცია ორდღიანი იყო და 5 პანელისგან შედგებოდა:

პანელი 1 - ავტონომიური თავდაცვისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვა

აღნიშნულ პანელზე მოწვეული მომხსენებლები განიხილავდნენ არსებულ პოლიტიკას, მიმდინარე ტენდენციებს, უსაფრთხოების სფეროში მოსალოდნელი ცვლილებების პერსპექტივებსა და ახალ კონცეპტუალურ ჩარჩოებს.

პანელი 2 - ახალი აღმოსავლეთ ევროპა: გაფართოების დილემა

პანელის მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში არსებობს.

პანელი 3 – სამხრეთ კავკასია – უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საშუალებით

პანელზე განიხილეს თუ რამდენად შესაძლებელია ევროპის ინტეგრაციული გამოცდილების სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაზიარება და გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

პანელი 4 - ავტოკრატიების მომავალი - საზოგადოებები ცვლილებების პროცესში

პანელის პირველ სესიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოზე და რელევანტურ მაგალითებთან ერთად განხილულ იქნა ავტოკრატიულ რეჟიმებთან მებრძოლი წინააღმდეგობის მოძრაობების სტრატეგიები - რიგითი აქტივიზმიდან დაწყებული, ინსტიტუციური რეფორმებით დამთავრებული.

მეორე სესიაზე დისკუსია გაიმართა ავტოკრატიული თანამშრომლობის მაგალითებისა და ავტორიტარიზმის განმტკიცების მექანიზმების შესახებ. ციფრული დეზინფორმაციის, გეოპოლიტიკური გავლენისა და სამოქალაქო საზოგადოების მზარდი როლის განხილვის პარალელურად, პანელის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები წინააღმდეგობის პრაქტიკისა (ინსტიტუციური და საზოგადოებრივი) და დემოკრატიული მედეგობის თაობაზე.

პანელი 5 - ლიდერები, პარტიები და პოლიტიკა-წარუმატებლობის ორგანიზაციული მიზეზები

პანელზე განხილულ იქნა სოციალურ-კულტურული ცვლილებების გლობალური დინამიკა და ტრადიციული პარტიული პოლიტიკის წარუმატებლობის ორგანიზაციული მიზეზები. ასევე, პოლიტიკურ ლიდერებსა და პარტიებს შორის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები.

საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრი (UGSPN) საერთაშორისო კონფერენციას ყოვეწლიურად მასპინძლობს. კონფერენცია გლობალურ და ლოკალურ დონეზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეძღვნება და აერთიანებს მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კრიტიკული საკითხების განსახილველად.

საქართველოს უნივერსიტეტი (UG) ყველაზე რეიტინგული კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც რეპუტაცია აკადემიური წარმატებისა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულებით მოიპოვა. მისი მისიაა განათლებისა და კვლევისადმი ინოვაციური, დინამიური და გლობალური მიდგომის ხელშეწყობა.

საქართველოს უნივერსიტეტის ძირითადი ღირებულებებია თავისუფლება, ჰუმანურობა და სრულყოფილება. აღნიშნული ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველოს უნივერსიტეტი ცდილობს დადებითი გავლენა მოახდინოს აკადემიურ სფეროზე, ადგილობრივ საზოგადოებასა და მსოფლიოში ქვეყნის რეპუტაციული გავლენის ზრდაზე.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს