თინათინ ხიდაშელმა უსაფრთხოების პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პოლონეთის ქალაქ კრინიცაში უსაფრთხოების პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.
თინათინ ხიდაშელი სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. პლენარულ სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლას ევროპელი ლიდერები, მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელები ისმენდნენ.
თინათინ ხიდაშელის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს შესახებ ინფორმაცია ევროპაში ისეთი საერთაშორისო დონის ფორუმებიდან და ტრიბუნებიდან ისმოდეს, როგორიც კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმია.
მისი თქმით, ფორუმის უსაფრთხოების პლენარულ სესიაზე საქართველოსთან ერთად განიხილებოდა ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სამომავლო გეგმები და მოვლენების სავარაუდო განვითარების პერსპექტივები.
უსაფრთხოების პლენარულ სესიაზე მინისტრმა ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც "მცოცავი ოკუპაციის" სახით დღესაც გრძელდება.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, "კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ტარდება პოლონეთის ქალაქ კრინიცაში. წელს რიგით 25-ე კონფერენცია გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმს ყოველწლიურად 2500-3000 მონაწილე ჰყავს, ეკონომიკის და საზოგადოებრივი ლიდერების სახით.
ფორუმს მასშტაბურ გაშუქებას მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 500 ჟურნალისტი უზრუნველყოფს. ფორუმის ორგანიზატორია ფონდი აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს, ქალაქ ვარშავაში დაარსდა.

























