წყალტუბომ ხელოვნების ფესტივალს უკვე მესამედ უმასპინძლა

წყალტუბომ ხელოვნების ფესტივალს უკვე მესამედ უმასპინძლა

მესამე წელია, იმერეთი და კერძოდ წყალტუბო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს. განსხვავებით გასული წლებისგან, ფესტივალი წელს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა. წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი და არტასფონდი (შვეიცარია), მაქსიმალურად ცდილობენ ფესტივალი საზოგადოებისთვის საინტერესო გახადონ, რადგან სწორედ საზოგადოების ჩართულობა და მათი განსაკუთრებული როლი განსაზღვრავს ფესტივალის მომავალს.

სამი დღის განმავლობაში იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი წყალტუბო უცხოელ ტურისტებსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა. თითოეული ადამიანი მაქსიმალურად ცდილობდა, ხელოვნების ფესტივალში თავისი წვლილი შეეტანა. მათ შორის ახალგაზრდები სჭარბობდნენ, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ფესტივალისთვის ორიგინალური ელფერის შეძენას.

25 სექტემებს ხელოვნების ფესტივალი ღია ცის ქვეშ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა შემსრულებლებმა და მოცეკვავეებმა. გასნაკუთრებული ყურადღება გამოიწვია ვორქშოფმა სახელწოდებით "მსოფლიო მოცეკვავეები". აღსანიშნავია სააცეკვაო წარმოდგენა "ორთოპედია და ყოფნა", რომელიც ხელოვნების ფესტივალის სცენაზე, შვეიცარიიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, მერეტ შლეგელმა და კილიან ჰესელბექმა წარმოადგინეს. აღნიშნულმა ინსპირაციამ მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია

როგორც შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ჰუმანიტარული განყოფილების ხელძღვანელი მარტინა რამინგმა აღნიშნა, კულტურა და ხელოვნება ფუფუნება არ არის და ეს ცხოვრებისეულია.

InterPressNews.Ge"ჩვენი ორგანიზაციისთვის ხელოვნების განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას დღეს ჩვენ ვაქცევთ თანამედროვე ხელოვნებას. დარწმუნებული ვარ , რომ თანამედროვე ხელოვნებისა და ტრადიციულობის შერწყმა განსაკუთრებულ შედეგს იძლევა . წყალტუბო შეიძლება საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ცენტრი არ იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელოვნება მხოლოდ თბილისშია განვითარებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ხელლოვნების ფესტივალში მონაწილეობენ არამარტო თბილისის და საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები, არამედ ჩამოსული სტუმრებიც, რომლებიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებიც არიან. ჩვენ სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონსძიებები დავგეგმეთ და დარწმუნებული ვარ ,რომ მაყურებელს ის აუცილებლად მოეწონება. მინდა მადლობა ვუთხა ადგილობრივ ხელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის",-აღნიშნა რამინგმა.

ხელოვნების ფესტივალით კმაყოფილი არიან მისი მონაწილეებიც. როგორც ერთ -ერთი მათგანი ლიზა იოსელიანი აცხადებს, წყალტუბო მსგავსი სახის ფესტივალების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ ახლაგაზრდები განსაკუთრებული აქტიურობით ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ მასში.

"წყალტუბოს აკლია მსგავსი ღონისძიებები, ამიტომ განსაკუთრებულად ვცდილობ მივიღო მასში მონაწილეობა. უკვე მეორე კვირაა ჩართული ვარ არტ ფესტივალში და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გვამზადებს უცხოელი პედაგოგები. ეს ძალიან კარგია ჩვენთვის ,რადგან კომუნიკაციას ვამყარებთ ინგლისურ ენაზე. მინდა, რომ მსგავსი სახის ფესტივალი უფრო ხშირად ჩატარდეს და უცხოელი პედაგოგები ისევ ჩამოვიდნენ".

წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ,,სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის" რეგიონული პროგრამის ფარგლებში განხორცილედა. ფესტივალს ფინანსური მხარდააჭერა კი სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისმა გაუწია.