თინათინ ხიდაშელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

 თინათინ ხიდაშელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

8 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მინისტერიალზე დასასწრებად ბელგიის სამეფოში გამთენიისას გაემგზავრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს შეხვდება. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატის სხდომაც.

ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. თინათინ ხიდაშელი პოლონელ კოლეგასთან ტომაშ სემონიაკთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მინისტერიალზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენები, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ავღანეთში გართულებული უსაფრთხოების გარემო იქნება.