ჩვენი დათვლით, ქობულეთში 800-1000 ოჯახია ამ ეტაპზე დატბორილი, რომლებსაც სხვადასხვა სახის ზიანი მიადგა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, საგანგებო შტაბმა სტიქიის შედეგად არსებული ზარალის შესახებ 500-მდე შეტყობინება მიიღო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, დატბორილი სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულებისთანავე, სპეციალური კომისია განახორციელებს დაზარალებულ ოჯახებში ვიზიტს და დაზიანებული ტექნიკის აღრიცხვას. მისივე თქმით, პირველადი ინფორმაციით, ზარალის რაოდენობა 250 000-დან 300 000 ლარამდე მერყეობს. არჩილ ხაბაძის განმარტებით, ზარალის ასანაზღაურებლად თანხები ქობულეთის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის მთავრობის ფონდიდან გამოიყოფა.
"ძლიერი წვიმის შედეგად ყველაზე მძიმე სიტუაცია შეიქმნა ქობულეთში. მდინარე აჭყვა დაახლოებით დილის 5 საათზე გადმოვიდა კალაპოტიდან და მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად ქალაქის გარკვეული ნაწილი დატბორა. ჩვენი დათვლით, 800-1000 ოჯახია ამ ეტაპზე დატბორილი, რომლებსაც სხვადასხვა სახის ზიანი მიადგა. დღეს 12:00 საათისთვის საგანგებო თათბირი ჩატარდა, ყველა სამსახური იყო მობილიზებული, ამ მომენტისთვის მიღებულია 500-მდე შეტყობინება. პირველ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი იყო მოსახლეობის უსაფრთხოება. დატბორილი უბნებიდან გამოვიყვანეთ მოხუცები, ბავშვები და ავადმყოფები. 20-მდე ოჯახი გადავიყვანეთ ჩვენს მიერ დაქირავებულ სასტუმროში. ქობულეთისთვის წყლისა და გაზის მიწოდება არ შეფერხებულა, რაც შეეხება დენს, 14 ათასი აბონენტი იყო გათიშული იმის გამო, რომ ქობულეთის ქვესადგური დატბორა და ავარიულად გამოირთო. იქ მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, 5 000 აბონენტს უკვე აღუდგა ელექტრენერგია, დანარჩენს ეტაპობრივად აღუდგება", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ქობულეთში დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, გელაურის დასახლება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სააავადმყოფოს უბნის ნაწილი, რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების დასაწყისი. მდინარე აჭყვას ადიდებამ გამოიწვია სოფლების ლეღვას, გვარას, კონდითის, გოგმაჩაურის, ზენითის, აჭყვისთავისა და ცეცხლაურის სასოფლო გზების დატბორვა. განვითარდა მცირე მეწყრული მოვლენებიც.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სპეციალური მობილური ჯგუფები, სპეცტექნიკის გამოყენებით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. დამატებით მობილიზებულია მეზობელი რეგიონების საგანგებო სიტუაციათა მართვის ბრიგადები შესაბამისი აღჭურვილობით. პრევენციის მიზნით წყლის დონის დაკლებამდე შეზღუდულია ავტოსატრანსპორტო გადაადგილება ქობულეთის მუნიციპალიტეტში. გადაიდო სარკინიგზო მიმოსვლა ბათუმი-თბილისის მიმართულებით. დატბორვის გამო ქალაქ ქობულეთის სამ სკოლაში და მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გადახდილია სახურავი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"