ირმა ინაშვილი - ჩნდება ეჭვი, რომ თინა ხიდაშელი ჯარისკაცების ხმების გამოყენებას ცდილობს "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის სასარგებლოდ

ჩნდება ეჭვი, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჯარისკაცების ხმების გამოყენებას ცდილობს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "პატრიოტთა ალიანსიდან" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უჯარმაში, სადაც მუხროვანის სამხედრო ბაზაა, გახსნილია სპეცუბანი, სადაც ხმას ჯარისკაცები აძლევენ.

"გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს როგორ აპროტესტებდნენ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები სპეცუბნების გახსნას. მაშინ ეს იყო მანკიერი, დღეს კი, მოსწონთ. 546 ჯარისკაციდან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ მხოლოდ 25 იყო საგარეჯოელი. ჯარისკაცებს, რომლებიც მესტიიდან, ზუგდიდან და ბორჯომიდან არიან, თავად აქვთ კითხვები, რატომ მონაწილეობენ საგარეჯოს მაჟორიტარობის არჩევნებში. არ ვამბობთ, რომ სამხედროებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ის, რომ ასე სწრაფად იცვლება დისლოკაციის ადგილი და ჯარისკაცების რაოდენობა, ეს პირდაპირ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელიც ისედაც აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესში, მიზნად აქვს დასახული ჯარისკაცების ხმების გამოყენება მათი კანდიდატის მხარდასაჭერად", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, საგარეჯოში ხდება იგივე, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი.

"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულები არიან სოფლის რწმუნებულები და გამგებლები.

"ამბობენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ. სწორედ ეს მახინჯი კანონებია შესაცვლელი. რას აკეთებდა 3 წლის განმავლობაში დავით უსუფაშვილი, რა უნდა სოფლის გამგებელს და რწმუნებულს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. ეს არის ირიბი ზეწოლა ამომრჩეველზე, რადგან მიმდინარეობს მათი ფარულად აღრიცხვა", - განაცხადა ინაშვილმა.

იგი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერი საარჩევნო უბნებზე იარაღით შენიშნეს.

"წარმოადგინოს გიგლა აგულაშვილმა რას გულისხმობს, ასევე წარმოადგინოს ავტომობილის ნომერიც და ის მასალაც, რომელზეც საუბრობს და ერთად გავარკვიოთ, ვიზეა საუბარი", - განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, საგარეჯოში ბევრი პროვოკატორია ჩამოსული და არ არის გამორიცხული, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სახელის გამოყენება ხდებოდეს სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებისთვის.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს