თსუ-ს პანთეონში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის იუსტინე აბულაძის ნეშტი გადაასვენეს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ირანისტის, რუსთველოლოგის, აღმოსავლეთმცოდნეობის ცნობილი სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფუძემდებლის, იუსტინე აბულაძის (1874-1962) ნეშტი გადაასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, იუსტინე აბულაძის შთამომავლების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პროფესორის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს.

თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, პროფესორმა იუსტინე აბულაძემ საფუძველი დაუდო საქართველოში სპარსოლოგიას, ირანისტიკის მიმართულებას. ის სწავლობდა "ვეფხისტყაოსანს", იკვლევდა "ვისრამიანსა" და "შაჰნამეს". "საფლავზე დაიდგმება ძეგლი და ამით მივაგებთ პატივს ყველა დიდ ადამიანს, რომელმაც საქართველოში საფუძველი უმაღლეს განათლებას დაუდო,"" _ დასძინა პაპავამ.

პროფესორის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა ასევე იუსტინე აბულაძის შვილიშვილმა იუზა აბულაძემ.

,,უნივერსიტეტში, როცა საასწავლო პროცესი დაიწყო სულ 13 პროფესორი იყო, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გახლდათ იუსტინე აბულაძე. მან უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სპარსული ენისა და ლიტერატურის კათედრა დაარსა. აღმოსავლეთმცოდნესთან ერთად, ის ცნობილი რუსთველოლოგიცაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა ორი სქელტანიანი წიგნი, რომელშიც შევიდა მისი ნაშრომები რუსთველოლოგიაზე. ვფიქრობ, ეს ადგილი მისი მოღვაწეობიდან და შემოქმედებიდან გამომდინარე მას უფრო შეეფერება"", _ აღნიშნა იუსტინე აბულაძის შვილიშვილმა იუზა აბულაძემ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, იუსტინე აბულაძე საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი იყო და 1936წელს პირველი სახელმძღვანელო შეადგინა. თბილისის უნივერსიტეტში მან სპარსული ფილოლოგიის კათედრა დაარსა და ქართველ ირანისტთა მთელი თაობა აღზარდა. გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: ,,ვეფხისტყაოსანს"", ,,შაჰნამესა"" და ვისრამიანს"". მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში, შეადგინა მათი ვრცელი ლექსიკონი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობის მეცნიერულ შესწავლას.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება