19-20 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე სტუმრებს მიესალმნენ და ღონისძიების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინე ლომოურმა, სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი და საერთაშორისო პროექტების კაბინეტის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა ლევან დვალმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გიგა გაბელაიამ, გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა გულიკო ბზიშვილმა და სხვა. ფორუმის მუშაობაში თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, მისი მოადგილე ზაზა ცინაძე და სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების უფროსი ვერიკო ხელისუფალი მონაწილეობდნენ.
ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, გაიმართა ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების პრეზენტაცია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე. მონაწილეებმა საქმიანი წინადადებები წამოაყენეს. ასევე გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში 2015 წელს ჩამოყალიბებული კლუბების პრეზენტაცია.
დღეს, სამუშაო შეხვედრაზე კი მონაწილეებმა მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების დაწესებულებების სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავეს, მის ძირითად მიზნებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები, ასევე, განხილულ იქნა საქართველოში სკოლისგარეშე მუშაობის, არაფორმალური და დამატებითი სწავლების სისტემაში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"